მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპზე მცირე მეწარმეების არგათვალისწინება თონეების დახურვას გამოიწვევს"

6061d23927dbb
ინგა მურუსიძე
29.03.21 22:30
807
ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპზე მცირე მეწარმეების არგათვალისწინება თონეების და ფურნეების დახურვას გამოიწვევს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ჰკითხა, რას გეგმავს მთავრობა არ მიმართულებით.

„ჩვენ სუბსიდირებას ვუკეთებთ კომპანიებს, ვისაც ხორბალი შემოაქვთ. ეს კომპანიები ძირითადად მსხვილი კომპანიებია. მე რამდენჯერმე შევხვდი საშუალო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ასევე ამ ბიზნესში არიან. პირველი დაფინანსების დროს, როცა ხორბლის სუბსიდირება მოხდა, მცირე მეწარმეები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. ახლა საუბარია დაფინანსების მეორე ეტაპზე და ეს პრაქტიკულად გამოიწვევს მცირე ფურნეების, თონეების დაკეტვას.

ეს არის ძალიან მწვავე პრობლემა, რომელიც დღესდღეობით დადგა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად, ამ ადამიანებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, სხვა ადამიანებს ასაქმებენ და ამაზე დგას ჩვენი სახელმწიფო. მათი უყურადღებოდ დატოვება კარგი არ იქნება. მაინტერესებს, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?“, - მიმართა ხანიშვილს მოწერელიამ.

მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ ხორბლის სუბსიდირების პროგრამა საყოველთაო არ არის და სულ სხვა დანიშნულება აქვს.

"ზუსტად ასეა მთავრობის მიერ დაგეგმილი, მცირე საწარმოებს მიეცათ შესაძლებლობა გაეზარდათ ფასები. ცხობის მიმართულებით დაახლოებით 2300 საწარმო მუშაობს, ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ დაახლოებით 70 საწარმოზე. ეს არის ის საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ ქვის და ძირის პურს, რომელთა გასაცემი ფასი არის 65-70 თეთრი, ეს არის ის პური, რომელიც ქსელში გვხვდება 1.10 ლარად. ჩვენ ქვეყანაში მოთხოვნილი ფქვილის 1/3-ს ვაფინანსებთ. ჩვენთანაც რეკავენ [მცირე მეწარმეები] და სუბსიდირების სურვილს გამოთქვამენ, თუმცა ჩვენ მათ ფასების გაზრდის საშუალება მივეცით.ზრდა არის 20 თეთრიანი. მათ უნდათ, რომ ფასები არ გაზარდონ, რადგან არაკონკურენტული გარემო იქმნება. თუმცა ნელნელა მცირე საწარმოებიც ახალ საფასო პოლიტიკაზე გადადიან და ზრდიან ფასებს. ახალი საფასო პოლიტიკა ყალიბდება“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობა დათანხმდა მეხორბლეთა და პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ასოციაციების მოთხოვნას ფქვილის სუბსიდირების პროგრამის კიდევ სამი თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილის თქმით, სუბსიდირების სამი თვით გაგრძელება ბიუჯეტს დაახლოებით 6-7 მილიონი ლარი დაუჯდება, საიდანაც 2 მილიონამდე ლარის რესურსი უკვე გამოყოფილი 10 მილიონიდან დაზოგილი თანხაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები