მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი”, ვარციხეჰესი და ბიტკოინები - სანქცირებული იგორ კოლომოისკის ქონება საქართველოში

6046063a06994
შოთა ტყეშელაშვილი
08.03.21 15:24
8445
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინელი მილიარდერის იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. მას აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ოლიგარქის მიერ უკრაინაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, კოლომოისკის ქონება $1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითიც ის უკრაინის რიგით მეექვსე უმდიდრესი მოქალაქეა. კოლომოისკი 2015 წლამდე დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. ბიზნესმენმა საკუთარი ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა. 2016 წელს უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების მრავალწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, კოლომოისკი და მისი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოლოგლიუბოვი PrivatBank-ს ჩამოაშორა და მისი ნაციონალიზაცია მოახდინა. 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ კოლომოისკის და მისი ბიზნესპარტნიორის გენადი ბოგოლიუბოვის საკუთრებაში არსებული $2.5 მილიარდი დოლარის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება გამოსცა. ამ პროცესების პარალელურად, მილიარდერმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა პრეზიდენტად ვოლოდომირ ზელენსკის არჩევის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.

იგორ კოლომოისკის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშია:

იგორ კოლომოისკის საქმიანობა საქართველოში 2006 წლიდან “ტაოპრივატბანკით” იწყება (შემდგომში “პრივატბანკი”). ეს ბანკი ქართულ ბაზარზე 2014 წლის ბოლომდე საქმიანობდა და მისი 91%-იან წილს კოლომოისკი და ბოგოლიუბოვი ფლობდნენ. 2014 წლის ბოლოს ბანკი 92 მილიონ ლარად "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. რეალიზაციის დროისთვის "პრივატბანკის" სასესხო შემოსავლები წლიურად 100 მილიონი ლარი იყო.

"ჯორჯიან მანგანეზი" და ვარციხეჰესების კასკადი

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს - ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

კომპანიის საქმიანობა საქართველოში 2006 წელს დაიწყო. 2006 წლის 11 ნოემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ჩატარებულ საჯარო აუქციონზე, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა “ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ვარციხეჰესის კასკადის მფლობელი გახდა.

ამ დროს კომპანიის მფლობელი ბრიტანული სტემკორი იყო. მალევე, სტემკორმა აღნიშნული ბიზნესი კოლომოისკის “პრივატ ჯგუფს” მიჰყიდა.

იურიდიულად, “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელს ლუქსემბურგში დაფუძნებული ”ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი” (GAA) წარმოადგენს. თავად GAA-ის ლუქსემბურგის ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის შვილობილია.

2016 წელს კომპანიას უპრეცედენტო მასშტაბის - 400 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ჯარიმები დაეკისრა, რომელთა მიზეზიც გარემოსდაცვითი პირობების უგულვებელყოფა იყო. 2017 წლიდან სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მიყენებული ზიანის აღდენისთვის კომპანიაში სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა. სასამართლოს განჩინების შედეგად, მას 3-წლიანი ვადა მიეცა, რათა სხვადასხვა მიმართულებით არსებული დარღვევები გამოსწორებულიყო. ამ გადაწყვეტილებით, იგორ კოლომოისკი ჯგუფის ფაქტობრივ მართვას ჩამოშორდა, თუმცა მის მესაკუთრედ დარჩა. 2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა ხელახალი განჩინება და კომპანიის სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს უფლებამოსულების ვადა 2023 წლის მაისამდე გაუხანგრძლივდა.
 
2019 წლის განმავლობაში საქართველოდან $303 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. ამ თანხის ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, “ჯორჯიან მანგანეზზე” მოდის, თუმცა ზუსტი რიცხვები საჯაროდ ცნობილი არაა, რადგანაც კომპანია საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებას არ ასაჯაროებს. ასევე, უცნობია, როგორია გადანაწილება იგორ კოლომოისკის და “ჯორჯიან მანგანეზის” ფაქტობრივ მენეჯმენტს შორის.

ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნება ჩანს ლონდონის სასამართლოს ჩანაწერებში - 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში საუბარია იმის შესახებ, რომ იგორ კოლომოისკი "ჯორჯიან მანგანეზის" და "ვარციხეჰესის" წილის ერთ-ერთ  არაპირდაპირ მესაკუთრედ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს ასახელებს. თავად გიორგი კაპანაძე დაკავშირებულია იმ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც ამჟამად “ჯორჯიან მანგანეზს” ფაქტობრივად მართავს.

რაც შეეხება “ვარციხეჰესის კასკადს”, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჰესის აქტივები 2019 წლის ბოლოსთვის 140 მილიონ ლარს შეადგენდა და მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 95% ზესტაფონის ქარხანას და ჭიათურის სამთო კომბინატს მიეწოდება. სადგურმა 2019 წელს 727,000 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითიც 9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის უშუალო მფლობელი არის ლუქსემბურგში რეგისტრირებული "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი".

კრიპტოვალუტების მაინინგი და $50 მილიონიანი ინვესტიცია

როგორც ირკვევა, იგორ კოლომოისკის საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ფეროშენადნობებს არ უკავშირდება და ის კრიპტოვალუტების მაინინგითაც არის დაკავებული.

საუბარია 2017 წელს დაფუძნებულ შპს “ბლოქფაუერზე”, რომლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2018 წელს კომპანიის შემოსავალი 85 მილიონი ლარი, 2019 წელს კი19 მილიონი ლარი იყო. 2018 წელს კომპანიამ 49.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, 2019-ში კი, მისი ზარალი 1.6 მილიონი ლარი იყო. ამ კომპანიის დირექტორი და 30%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე კუჭუხიძეა, მისი დანარჩენი მეწილეები იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული პირები არიან. ურიელ ლაბერი კომპანიის 24%-იანი წილის მესაკუთრე (Georgian American Alloys-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი); ვლადიმირ ჩერტოკი 23% (იგორ კოლომოისკის დის, ლარისას მეუღლე) და ტიმურ მინდიჩი 23% (კოლომოისკის ბიზნესპარტნიორი). 

საქართველოში კოლომოისკის კუთვნილი კრიპტომაინინგი ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესის განხილვის ერთ-ერთი საკითხია. იგორ კოლომოისკის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მილიარდერმა ამ პროექტში $50 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. სასამართლო მასალების მიხედვით, მაინინგის პროცესში კომპანიამ 3,533 ბიტკოინი მოიპოვა, ამჟამად ამ ბიტკოინების ფასი 589 მილიონი ლარია, თუმცა მათი მოპოვების/რეალიზაციის პერიოდში ამ აქტივების ფასი რამდენჯერმე ნაკლები იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები