მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივდივართ ფისკალურ უწესრიგობამდე“ - ფინანსისტი სსიპ-ების 422 მლნ ლარის „ჭარბ ფულზე“

60cb7a4722ad0
თელარა გელანტია
18.06.21 10:15
2732
მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო შემცირებული საგადასახადო შემოსავლების დაბალანსებას ახალი საგარეო თუ საშინაო ვალის აღებით ცდილობს, სსიპ-ებს და აიპ-ებს ჭარბი ფული კომერციულ ბანკებში უდევთ. 2020 წლის ბოლოს 75 სახელმწიფო ორგანიზაციას 422 მლნ ლარის ფულადი რესურსის ნაწილი - 111 მილიონი ლარი ბანკებში მიმდინარე ანგარიშზე აქვს განთავსებული, 95 მილიონი ლარი - მოთხოვნამდე დეპოზიტებზე, ხოლო ვადიან დეპოზიტზე კი 216 მილიონი ლარი უდევთ. BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 422 მილიონი ლარიდან განსაკუთრებით დიდია სსიპ “მუნიციპალური განვითარების ფონდის”, ასევე “აწარმოე საქართველოში”-სა და “აღსრულების ეროვნული ბიუროს” ნაშთები.

ფინანსისტ ირაკლი ერაძის აზრით, 422 მლნ ლარის ე.წ. „ჭარბი ფულის“ კომერციულ ბანკებში განთავსებას, სჯობს, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართოს და უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს, მითუმეტეს, არსებული ეკონომიკური კრიზისის და პანდემიით განპირობებული გამოწვევების გათვალისწინებით.

„ერთი შეხედვით, ეს თითქოს არის სსიპ-ების და აიპ-ების პრობლემა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივდივართ ფისკალურ უწესრიგობამდე - ასე ჰქვია ამ ამბავს“, - ამბობს ფინანსისტი bm.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, შესაძლოა, 422 მლნ ლარიდან გარკვეული ნაწილი საჯარო ორგანიზაციებს  ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ, მაგრამ ფაქტია, რაღაც ნაწილი ჭარბია და ამიტომაც ბანკებში უდევთ დეპოზიტებზე და იღებენ სარგებელს.

„ეს თანხა აკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან სხვაობა, რომელიც საბიუჯეტო შემოსავალსა და ხარჯებს შორის არის და რომელიც პანდემიის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისევ ახალი ვალების აღებით ფინანსდება და ამ დროს სსიპ-ებში თურმე მილიონობით ლარია. ამდენად, ძირითად პრობლემას მაინც ფისკლური წესრიგის კუთხით ვხედავ და არა კონკრეტული სსიპ-ის და აიპ-ის მიმართულებით, მითუმეტეს როცა არ არსებობს კონკრეტული კანონი, რომელიც მათ თავისუფალი ნაშთების უფრო ეფექტიანად ხარჯვას დაავალდებულებთ. ერთადერთი, როგორც ვიცით, სსიპ-ებს, რომელთა წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მლნ ლარს, ევალებათ საკუთარი შემოსავლის არანაკლებ 10% სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართონ და თურმე ამ მიმართულებითაც პრობლემებია და ნაწილი ამ თანხებსაც არ რიცხავს. მოკლედ, სსიპ-ებს და აიპ-ებს არაფერს ვერჩი და არ ვადანაშაულებ. ზოგადად, კარგი იქნება, რაც ნაკლები სსიპ-ი გვექნება და სერვისები აუტსორსზე გავა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მილიონობით ლარის დეპოზიტებზე განთავსება და საკუთარი შემოსავლების და ხარჯების არასწორად დაგეგმვა, უფრო ცენტარლური ხელისუფლების მინუსი მგონია“, - აცხადებს ირაკლი ერაძე.

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ სსიპ-ებსა და აიპ-ების შემოსავლები, ჯამში, მაინც სახელმწიფოს ფულადი რესურსია, ამიტომ საქართველოს მთავრობამ კონტროლი უნდა გააძლიეროს. „ვფიქრობ, მთავარი პრობლემა არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკაა; ფაქტია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა, გასცა რეკომენდაცია, რომელსაც გაეცნო ფინანსთა სამინისტრო და სხვა უწყებები, მაგრამ რბილად, რომ ვთქვათ, ალბათ ვერ იცლიან ამ თემისთვის“, - აღნიშნა ფინანსისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები