"დიდი მადლობა ხელისუფლებას, 14 მარტის აქციაზე გამოსასვლელად მოწოდება არ დაგვჭირდება", - ამის შესახებ რიონის მცველმა, ერთ-ერთმა აქტივისტმა მაკა სულაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც დღეს ხელისუფლებამ გაჟღერა, შეურაცმყოფელი იყო და სწორედ ეს მისცემს ბიძგს ქართველ ხალხს, გამოვიდნენ მორიგ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქუთაისშია დაგეგმილი.
საქმე იმაშია, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი უწყების სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე თურნავამ და დავითაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმება გააცნეს. ამის შემდეგ მინისტრები შეხვედრის ოთახიდან გავიდნენ და მხოლოდ მედიის კითხვებს უპასუხეს. როგორც აქტივისტები ამბობენ, თურნავა-დავითაშვილმა შეხვედრა კითხვების მოსმენამდე დატოვეს და ამით მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.
რიონის მცველი, აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოსახლეობა კითხვებზე პასუხებს ითხოვს და მთავრობა რაღაც ფულზე საუბრობს.
„როგორც ჩანს, ეს არის მათი მაქსიმუმი, რაც ითქვა. იქ 5 მილიონი იყო ნახსენები და კარგად არც ვისმენდი, მაგრამ ისევ რაღაცა სოციალურ პროექტებზე საუბრობენ. ამ მიმართულებით აბსოლუტურად სხვადასხვა ცნობიერებაზე ვდგავართ, ჩვენს შორის უფსკრულია და ვერანაირად ვერ დავაახლოებთ სასაუბრო ენას, რადგან ისინი ფულს გვთავაზობენ და კითხვებზე პასუხებს არ გვცემენ. დატოვეს შეთავაზება და წავიდნენ“, - განაცხადა გოლეთიანმა.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რიონის ხეობის მცველებისგან შეკითხვებს ელოდნენ, თუმცა მათ დიალოგი არ ისურვეს.
„სამწუხაროდ, აქტივისტებმა არ ისურვეს და არანაირი კითხვა არ დასმულა. კამერების წინ გააკეთეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და იყო ვნებათაღელვა, არც ერთი კითხვა ჩვენი მიმართულებით არ დასმულა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დესტრუქციული ნაბიჯი. ჩვენ აქ ჩამოვედით სალაპარაკოდ, ტექნიკური დეტალების გასავლელად და სამწუხაროდ, მეორე მხრიდან არ მოხდა, არანაირი კონსტრუქციული ნაბიჯის გადადგმა, რომ გაგვევლო იმ კონტრაქტის დეტალები, რისთვისაც დაინიშნა ეს შეხვედრა“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები "ნამახვანჰესის" პროექტის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, 14 მარტს გამართავენ.
4 პუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც მთავრობამ "ENKA"-სთან მიაღწია




























