"სწრაფად ვიზრდებით და კვირაში ათ ახალ მომხმარებელს ვიმატებთ", - ამის შესახებ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Quickshipper-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 26 იანვარს, 500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Quickshipper-ი არის პლატფორმა, რომლის მეშვეობით ბიზნესებს შეუძლიათ, როგორც ნებისმიერი არხიდან შემოსული შეკვეთების მართვა და დაბინავება, ასევე მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი.
როგორც Quickshipper-ის დამფუძნებლები, მარიამ ახვლედიანი, ლევან კილაძე და ილია გიჯაშვილი აღნიშნავენ, პლატფორმის შექმნისაკენ მათ მომიჯნავე სფეროებში მრავალწლიანმა გამოცდილებამ უბიძგა.
“ჩვენი სხვა საერთო სტარტაპიდან, “ელვისიდან” გამომდინარე, დაგვიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკის სფეროებში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს ცოდნა უდრო მასშტაბურ პროექტში დაგვებინავებინა, რომელიც საერთაშორისოდ გამოყენებადი იქნებოდა. გავაანალიზეთ სხვადასხვა კურიერის მიერ გავლილი მარშრუტები და დავინახეთ, რომ სწორი ალგორითმითა და ოპტიმალური გადანაწილებით, კურიერებს 20%-ით ნაკლები მანძილის დაფარვით შეეძლოთ იგივე შედეგების მიღწევა. ასევე, დავინახეთ ისიც, რომ ბიზნესებს გადატვირთულ პერიოდებში დამატებითი კურიერების მიშველება სჭირდებოდათ”, - აღნიშნავენ დამფუძნებლები.
როგორც ირკვევა, Quickshipper-ის შექმნის იდეა დამფუძნებლებს ერთი 2021 წელს გაუჩნდათ, მისი ტესტირება და ბაზრის მზაობის შესწავლა კი, 2022 წლის იანვარში დაიწყეს. “სწორედ ტესტირების რეჟიმით მოვედით აქამდე და წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ სრულიად ახალ პროდუქტს, რომლის ანალოგიც საქართველოში და რეგიონში არ არსებობს. მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის პრაქტიკა ამ ეტაპისთვის, ძირითადად, ამერიკის ბაზარზეა და ჩვენც ისე ვავითარებთ პროდუქტს, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდეს მათ. ვფიქრობთ, ქართული პროდუქტი ძალიან წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ასევე - მის ფარგლებს გართ”, - ამბობენ დამფუძნებლები.
ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.