2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია? - ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მოჰყვება - თუ გაძვირდება დენის ტარიფი, რამდენით? ენერგეტიკოსები უფრო მეტად ტარიფის ზრდას პროგნოზირებენ.
თემის კომენტირება დღეს Bm.ge-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სთხოვა. ნათია თურნავა ყველას მოუწოდებს, დამოუკიდებელი მარეგულირებლის დათვლას დაელოდოს.
„რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, სემეკს დათვლა არ დაუსრულებია; ის, ჯერჯერობით, პროცესშია. იცით, რომ ელექტროგამანაწილებელი კომპანიები საკმაო ზარალს განიცდიან პანდემიის გამო, რადგან შეუმცირდათ შემოსავალი. ეკონომიკა შემცირდა და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც. რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობაც მოქმედებს მათზე და თავისთავად კურსის მერყეობაც პანდემიით არის გამოწვეული. დავაცადოთ დამოუკიდებელ მარეგულირებელს, დათვალოს, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თუკი ტარიფების რაიმე განსაკუთრებული რყევები იქნება, ეს არ იგრძნოს განსაკუთრებით სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მან საზოგადოებას მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გადაწყვეტილება შეახსენა. „სწორედ ამ მიდგომებით ვიმოქმედებთ, მაგრამ არ მინდა ჩავერიო დამოუკიდებელი მარეგულირებლის კომპეტენციაში“, - აღნიშნა მან.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმად, იანვრიდან კომერციულ გაზზე ტარიფი 24 თეთრით იზრდება.
„მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფების გადახედვა წელს და გაისად არ იგეგმება. რაც შეეხება კომეციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას, ის არ რეგულირდება არც სემეკის და არც სახელმწიფოს მიერ. ტარიფების გაზრდა იანვრის ბოლოდან იგეგმება, ამიტომ გარკვეული დრო არის. ჩვენ „თბილისი ენერჯისთან“ გვაქვს კომუნიკაცია და ვაკვირდებით, ერთობლივად რისი გაკეთება შეიძლება“, - განაცხადა თურნავამ.




























