მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" - გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა

პრიზები
28.09.24 23:19
536

გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" უძრავი ქონების სექტორის 10 წარმომადგენელი "ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" სიმბოლური პრიზით - აგურით დააჯილდოვა.

გადაცემის ავტორების და წამყვანების, თათია ჩაფიჩაძის და გუგა კობახიძის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის დეველოპერული კომპანიები "არქი," "ალიანს ჯგუფი," "ტექტო ჯგუფი," "რედკო" და კომპანია "cmc" დაჯილდოვდნენ.

საქართველოს უძრავი ქონების ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის "ექსპო ჯორჯია," "ფიაბსი ჯორჯია" და "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია" დაჯილდოვდნენ.

სწორად განაშენიანებული ქალაქებისა და სრულყოფილი პროექტების შექმნაზე დახარჯული რესურსისთვის კი გადაცემის გადაწყვეტილებით ჯილდო "სითი ინსტიტუტმა" და არქიტექტურულმა კომპანია "ტასჰაბმა" მიიღო.

"უკვე 2 წელია, რაც სექტორულ გადაცემას ვაკეთებთ და ამ დროის განმავლობაში მოგვეცა საშუალება ძალიან ბევრი კომპანია და სექტორში მომუშავე ადამიანი კიდევ უფრო ახლოს გაგვეცნო. ვხედავთ, ბაზარზე ვინ რა სტანდარტით მუშაობს და როგორია საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი.

ვხედავთ კომპანიების ძალისხმევას, რომლებიც ცდილობენ საქართველოს უძრავი ქონება საზღვრებს გარეთ გაიტანონ და უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო გახადონ.

ამასთან, არ უნდა გამოგვრჩნენ ის ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ უკეთესი ქალაქები გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ დარგის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში იყოს დიდი, დასაქმებულების რიცხვი მზარდი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ავაშენოთ ქალაქები თუ კურორტები იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც თავად ამ ადგილებს გააჩნიათ. როგორც ამ გადაცემის თანაავტორი და წამყვანი ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ამ საკითხებზე კეთდებოდეს აქცენტი და ჩვენი მხრივ მზად ვართ მსგავსი ტიპის თემებზე უფრო მეტი ვისაუბროთ. დაჯილდოებული კომპანიების გამოვლენის მთავარი ხაზიც სწორედ აქ გადიოდა.

მიხარია ის უკუკავშირი, რაც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გვქონდა. შეფასებებმა და გამოხმაურებამ ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ მსგავსი ტიპის კონფერენცია და დაჯილდოება გავხადოთ მინიმუმ ყოველწლიური და ჩვენ ყველამ ერთად, ერთი აგური დავდოთ ქვეყნის მშენებლობაში”, - განაცხადა გადაცემის ავტორმა თათია ჩაფიჩაძემ.

"სამშენებლო & დეველოპერული სექტორები - ტენდენციები, გამოწვევები" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით კონფერენცია 27 სექტემბერს გამართა.

ღონისძიების პირველი ნაწილი მთავარი პარტნიორის, “თიბისი კაპიტალის” პრეზენტაციას დაეთმო. კომპანიამ სტუმრებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარუდგინა და იმ პოტენციალზე ისაუბრა რაც სექტორს გააჩნია.

კვლევის შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბაზრის ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები იღებდნენ.

ღონისძებას სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა" უმასპინძლა. მხარდამჭერები “თიბისი კაპიტალთან” ერთად, კომპანია “არქი”, “ემ კვარდრატი” "სიმეტრია," “გარდენ ჰილსი” СMC, “ციტადელი, “მაქსთერმი” და ”ტექნოჯიმი" იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები