მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ბათუმის განაშენიანებაში გამოსასწორებელი? - ქალაქმგეგმარებლის ხედვა

61f8f3a9abc7c
დავით ჯალაღონია
01.02.22 12:46
905
ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა სავარაუდოდ, 2023 წელს დასრულდება. დოკუმენტს "სითი ინსტიტუტი - საქართველო" ადგენს, რომელიც თავის მხრივ, დედაქალაქისთვის მომზადებული ანალოგიური ნამუშევრის ავტორია.

"სითი ინსტიტუტთან" ერთად თბილისის გენგეგმაზე ქალაქმგეგმარებელი მერაბ ბოლქვაძე მუშაობდა. დედაქალაქის გამოცდილების გათვალისწინებით, BMG დაინტერესდა, რა რეკომენდაციები აქვს მას ბათუმის განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებისთვის.

მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმის გენგეგმის ჯგუფი ქალაქის ზოგად მდგომარეობას შეაფასებს, შეუსაბამო ნაგებობების რუკაც უნდა შეიქმნას და გამოსწორების მიზნით, გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს.

"პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, განსაკუთრებით ახალი განაშენიანებები ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რადგან ნორმატიული მაჩვენებლები 3-4-ჯერ გადაჭარბებულია.

ამიტომ პირველი, რაც უნდა მოხდეს, ეს არის არსებული მდგომარეობის შეფასება და ანალიზი. სხვანაირად, შეუძლებელია კარგი სამუშაოს შესრულება. უნდა მოხდეს ანალიზი და შეფასება, სად რამ გადააჭარბა - მოცულობით-სივრცობრივი წყობით, ინტენსივობის მაჩვენებლით, ფუნქციური განთავსებით და ა.შ. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ შეცდომების გათვალისწინება პერსპექტიულ გადაწყვეტებში, მათ შორის იქ, სადაც რაღაც დავაშავეთ, ან ქალაქგეგმარებითი ნორმები დაირღვა. საპროექტო ჯგუფმა მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე უნდა იფიქროს.

ასე მოხდა ყველა მოწინავე ქვეყანასა და ქალაქში. თბილისშიც, თქვენ გახსოვთ, პირველი მოთხოვნა რაც იყო, ეს იყო კოეფიციენტების გაყიდვის შეზღუდვა. იგივე უნდა მოხდეს ბათუმში. თუ არსებითი სახის ცვლილება უნდა შევიდეს განაშენიანებაში, აქ საუბარია ფუნქციური, მოცულობით-სივრცობრივი წყობის, ან კოეფიციენტების მატებაზე, რაც ჩემი აზრით, ყოველთვის დაუშვებელია, ასეთი ცვლილების შემთხვევაში, ქალაქმა თავი უნდა შეიკავოს, ვიდრე გენგეგმა არ დასრულდება.

ამიტომ პირველი ნაბიჯი ეს არის, შეჩერდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებების გაცემა იმ მოთხოვნებზე, სადაც ხდება არსებითი სახის ცვლილება. შემდეგ, შეუსაბამო ობიექტთა რუკა უნდა გაკეთდეს. ეს რას ნიშნავს? - უნდა მოხდეს შეფასება, სად დავარღვიეთ ნორმატიული მაჩვენებელი, ქალაქგეგმარებითი ნორმები. ეს აუცილებელია ვიცოდეთ, სად შევცდით, რა მაჩვენებლით, რომ შემდგომში არ დავუშვათ მსგავსი შეცდომები.

შეუსაბამობის დადგენა, მაგალითად მოხდა ლონდონში, დრეზდენსა და სხვა ქალაქებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ მიადგები და დაანგრევ, არამედ ფიქრობ შემდეგ მაკომპენსირებელ ღონისძიებაზე, თუმცა რამდენიმე მოწინავე ქალაქმა, სადაც ჯერ საჯარო აზრი მომწიფდა ერთ-ორ შენობასთან დაკავშირებით, რომელსაც დისონანსი შეჰქონდა, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა", - განმარტა მერაბ ბოლქვაძემ.

გარდა ამისა, ქალაქმგეგმარებელი აღნიშნავს, რომ ბათუმში გარკვეული ტიპის საზოგადოებრივი დაწესებულებები  მოსახლეობისთვის საკმარისად ხელმისაწვდომი არ არის.

"ბათუმის ცენტრალურ ნაწილში სამი სკოლა გაუქმდა, მოქალაქეებს კი უფლება აქვთ, რომ 700-მეტრიან რადიუსში ჰქონდეთ საჯარო სკოლა და არა - კერძო, ამიტომ ქალაქმა უნდა იფიქროს სოციალური ობიექტების - საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზე იქ, სადაც ამის მაჩვენებლებია გაუარესებული. ეს არის პირველი ნაბიჯები, რაც ქალაქმა აუცილებლად უნდა გადადგას", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სატრანსპორტო ნაწილს, მერაბ ბოლქვაძის აზრით, ბათუმმა გამოცდილი ქალაქების მიდგომები უნდა გაიზიაროს.

"სატრანსპორტო საკითხების გადაწყვეტის რეცეპტი ჩვენზე უფრო წინ წასულმა ქალაქებმა მოიფიქრეს. ჩვენ რომ მოგვწონს ვენა, ბერლინი, პრაღა, სადაც ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მხრივ გაცილებით ნაკლები პრობლემაა და საცობი არ არის, ეს იმის გამოა, რომ სატრანსპორტო გადაადგილების იერარქია ასეთია - ფეხმავალი, ველოტრანსპორტი, საჯარო ტრანსპორტი. მერე ყველა დანარჩენი. ინდივიდუალური მანქანის მფლობელებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ეს სქემა უპირველესია ქალაქების გადარჩენისთვის და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა თბილისმაც დაიწყო", - განმარტს მერაბ ბოლქვაძემ.

რა ეტაპზეა ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები