მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ვასპ-ი, რომლის რეგისტრაციის წესი სებ-მა გამოაქვეყნა

6492b85c74955
გიორგი არონია
21.06.23 12:59
2400
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა, რომლის მთავარ მიზანს, უწყების თქმით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირება წარმოადგენს. წესი ითვალისწინებს, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ და მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესი 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

დოკუმენტის თანახმად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა აეკრძალათ. როგორც ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ კანდელაკი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, წესის ეს ნაწილი პირდაპირ გულისხმობს ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხის გაცემის აკრძალვას. კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა ეს ჩანაწერი კრიპტობირჟების მიერ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შემოთავაზებულ პროდუქტს, ე.წ. “მარჟით ტრეიდინგს”, ანუ მარჟით ვაჭრობას, ნიკოლოზ კანდელაკი აღნიშნავს, რომ თითოეული პროდუქტი უშუალოდ პროვაიდერად რეგისტრაციის ეტაპზე უნდა შეფასდეს. ამასთან, სებ-ში არ გამორიცხავენ, რომ ბაზარზე კომბინირებული პროდუქტები გამოჩნდეს, რომელშიც სხვადასხვა სუბიექტები იქნებიან ჩართული.

“ჩანაწერი, რომელიც ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერის რეგისტრაციის წესში აისახა პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხის გაცემა აკრძალულია. მნიშვნელოვანია, კონკრეტული პროდუქტები და მომსახურების კონკრეტული სქემები უშუალოდ რეგისტრაციის ეტაპზე შეფასდეს. ამასთან, ბაზრის მხრიდან უნდა მოხდეს საკუთარი მომსახურების იურიდიული შეფასება, იდენტიფიკაცია და კანონთან შესაბამისობა და ის კანონით ნებადართული მომსახურების ფარგლებში განისაზღვროს. არ გამოვრიცხავთ, ბაზარზე ისეთი პროდუქტები მივიღოთ, რომლებშიც სხვადასხვა სუბიექტები, მათ შორის საფინანსო სექტორის არსებული მოთამაშეები იქნებიან ჩართულნი”, - განაცხადა ნიკოლოზ კანდელაკმა bm.ge-სთან საუბრისას.

პირველი შეკითხვა, რომელიც ნებისმიერი რამის აკრძალვისას გვიჩნდება, ამ წესის აღსრულებას უკავშირდება, რადგან აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეფექტიანად ჩაითვალოს, თუ მის შედეგად აკრძალული ქმედება მართლაც აღმოიფხვრება. როგორც ამ თემასთან დაკავშირებით სებ-ში ამბობენ, ფიზიკურ პირებზე განკუთვნილი სასესხო პროდუქტების არშეთავაზება სარეგისტრაციო მოთხოვნაა, ანუ თუ კომპანიები ამ პირობას არ შეასრულებენ, ვასპ-ებად უბრალოდ ვერ დარეგისტრირდებიან. ამასთან, თუ კონკრეტული სუბიექტი ამ წესს დაარღვევს, მარეგულირებელი მას რეგისტრაციას შეუჩერებს.

“[ფიზიკური პირების ვირტუალურ აქტივებში არდაკრედიტება] სარეგისტრაციო მოთხოვნაა. რეგისტრაციისას, პროვაიდერებს სქემებისა და აღწერების წარმოდგენა მოუწევთ და შესაბამისად, თუ წარმოდგენილი იქნება ისეთი სქემა, რომელიც ფიზიკური პირების ვირტუალური აქტივებით დაკრედიტებას გულისხმობს, ასეთი ფორმისა და მოდიფიკაციის პროდუქტებით რეგისტრაცია, შეუძლებელი იქნება. რეგისტრაციის წესში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია რეგისტრაციის გაუქმების პირობები და თუკი პროვაიდერი რეგისტრაციის წესით აკრძალულ მოქმედებას განახორციელებს, დღის წესრიგში ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება”, - აღნიშნავენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეს წესი, სულ მცირე ამ ეტაპზე, იურიდიულ პირებს ეხებათ. თუმცა კრიპტოსამყაროში კიდევ ერთ და კომპანიებზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ინდივიდები და მათ შორის განხორციელებული, ე.წ. “P2P-გადარიცხვები” ასრულებს. ბიემჯის კითხვაზე, ეხება თუ არა სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ეს წესი და მასში ჩადებული დებულებები P2P-გადარიცხვებს, ნიკოლოზ კანდელაკი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თუ ვის სასარგებლოდ ხორციელდება მომსახურება. თუ პირი ვირტუალურ, ანუ კრიპტოაქტივთან დაკავშირებულ მომსახურებას საკუთარი თავისთვის ახორციელებს, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული წესი მას არ ეხება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სერვისის პროვაიდერად ითვლება და შესაბამისად, ეროვნულ ბანკშიც უნდა დარეგისტრირდეს.

“P2P-გადარიცხვების გამოყოფა - რთულია. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს, სხვა პირის სასარგებლოდ მომსახურების გაწევას უკავშირდება. რეგისტრაციის წესის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირი მომსახურებას სხვა პირს უწევს, ის იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს, მაგრამ თუ ვირტუალური აქტივის შესყიდვას და გადაცვლას ის პირადი მიზნებისთვის ახორციელებს, აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებული არ არის”, - განაცხადა სებ-ის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ კანდელაკმა ბიემჯისთან საუბრისას.

P2P-ვაჭრობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც. როგორც Coinswap-ის თანადამფუძნებელი, გიორგი კოშორიძე ბიემჯისთან საუბრისას აცხადებს, სებ-ის მიერ გავრცელებულ წესში არ ჩანს, თუ სად გადის ის ზღვარი, რომლის შემდეგ ჩაითვლება, რომ სუბიექტი ქმედებას არა საკუთარი თავის, არამედ მესამე პირის სასარგებლოდ ახორციელებს.

“ერთ-ერთი ბუნდოვანი საკითხი იმ ფიზიკური პირების საქმიანობის რეგულირებაა, რომლებიც დღეს [კრიპტოვალუტების] ონლაინგადამცვლელებად ოპერირებენ - სად გადის საქმიანობის ზღვარი მათთან მიმართებით? ყველა P2P-ოპერატორი ვალუტას საკუთარი ფულით იაფად იბარებს და ძვირად ყიდის - ამას, ყველა საკუთარი ფულით აკეთებს. საინტერესოა ვთხოვოთ ეროვნული ბანკს განმარტება, არის თუ არა ეს მესამე პირის სასარგებლოდ შესრულებული ტრანზაქცია”, - ამბობს Coinswap-ის თანადამფუძნებელი, გიორგი კოშორიძე ბიემჯისთან საუბრისას.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც რეგულაციაზე საუბრისას ყოველთვის იჩენს თავს - მომსახურების გაძვირებაა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი წესი კომპანიებს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ოფისში და კიოსკებში სათვალთვალო სისტემები დამონტაჟებას და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას ავალდებულებს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ერთი დამფუძნებელი ჰყავს, რომელიც ამავდროულად, დირექტორიცაა, კომპანიამ დირექტორად სულ მცირე კიდევ ერთი ადამიანი უნდა დანიშნოს. კითხვაზე, გააძვირებს თუ არა ყველაფერი ეს კრიპტოსერვისებს Coinswap-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კი.

“ის ფაქტი, რომ ბაზარმა რეგულირების წესი მიიღო, საერთო ჯამში, ძალიან პოზიტიურია, მაგრამ არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება არც თუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ოპერირებას ცალსახად გააძვირებს… თუ კომპანიის დამფუძნებელი ერთი ადამიანია, კანონმდებლობა მას ორი დირექტორის ყოლას ავალდებულებს, რაც გაუგებარია. ამასთან, ახალია კრიპტოტრანზაქციების მონიტორინგის მოთხოვნაც, რაც ტრანზაქციების ფასს ასევე გააძვირებს”, - განაცხადა გიორგი კოშორიძემ ბიემჯისთან საუბრისას.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ, მარეგულირებელთან კომუნიკაციას ეხება. როგორც Coinswap-ის თანადამფუძნებელი, გიორგი კოშორიძე ამბობს, რეგულაციის შემუშავებაში ბიზნესის წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ, მაგრამ მხარეებს შორის კომუნიკაცია გვიან დაიწყო. მისივე თქმით, სასურველია, დარგსა და მარეგულირებელს შორის მეტი კომუნიკაცია არსებობდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგულაციის ძალაში შესვლისთვის ექვსი თვე იყო გამოყოფილი, სებ-თან კომუნიკაცია პერიოდის ბოლოს, ბოლო კვირაში შედგა. მანამდე, სამწუხაროდ, კონტაქტი არ გვქონია, რის გამოც წესში დარგის პოზიცია ნაკლებად აისახა. სასურველია, მარეგულირებელსა და დარგს შორის მეტი კომუნიკაცია არსებობდეს, რათა სამომავლოდ, ასეთი საკითხები აღმოიფხვრას”, - ამბობს Coinswap-ის თანადამფუძნებელი, გიორგი კოშორიძე ბიემჯისთან საუბრისას.

როგორც სებ-ში ამბობენ, წესში ცვლილებების შეტანა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება. ამასთან, 2024 წლის 1-ელ იანვარს მარეგულირებელს აქვს ვალდებულება გამოსცეს “გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის წესი”. პარალელურად ამისა, ეროვნული ბანკი ბაზარზე დაკვირვებას ისევე აგრძელებს, როგორც ეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხდება. ამასთან, ცხადია, მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ რეგულაციებს, რადგან ხშირად, საქართველო სწორედ საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა.

როგორ რეგულირდება კრიპტოინდუსტრია საქართველოში? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები