მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეკონომიკური ზარალი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ? - კობახიძის პასუხი

ირაკლი კობახიძე

"ყველაფერი დათვლილი გვაქვს და ყველაფერი იქნება კარგად",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

BMG დაინტერესდა, თუ აქვს დათვლილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რა ეკონომიკური ზარალი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ, ხანგრძლივი პროტესტის შემთხვევაში, მათ შორის, დამატებით რა მოცულობის რეზერვის გაყიდვა შეიძლება დასჭირდეს სებ-ს, რაზეც ირაკლი კობახიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, კობახიძემ გასულ 4 წელზე, რევოლუციის მცდელობებზე ისაუბრა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მოიწონა თავი, რაც მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკის დამსახურებაა.

"4 წლის განმავლობაში იყო ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთო პოლიტიკის დამსახურებით. მათ შორის, იმის დამსახურებით, რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა. სამი წლის საშუალო, 2021-2023 წლების, იყო 9.8% და ამ წლის 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია. ევროპაში ამხელა ზრდა არ აქვს არავის. ჩვენ 4 წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის საოცარი შედეგი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოთხივე "ნაცმაიდნის" დროს იყო რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა ძველ კურსს. კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ მათ შორის რევოლუციის მცდელობის პირობებში, ხდებოდა რეზერვის შევსება.

"ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები