მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რა ფასი აქვს ბიზნესის კეთებას, თუ შენივე მოქალაქე გაგირბის ქვეყნიდან?!“ - თამაზ დაუშვილი

თამაზ დაუშვილი

„როდის მიეცა საქართველოში ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა?! 1991 წლამდე ასე ხომ არ იყო?! ჩვენ ხომ დამოუკიდებელმა საქართველომ მოგვცა საშუალება, ვიღაცები ბიზნესმენები გავმხდარიყავით. ხომ ასეა?! მანამდე ვინ იყვნენ? - "ცეხავიკები". მგონი, ჩვენ "ცეხავიკობა" არ გვინდოდა, ხომ?!“ - კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის ამ რიტორიკული კითხვის ადრესატები „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენები არიან. „რა ფასი აქვს ბიზნესის კეთებას, თუ შენივე მოქალაქე გაგირბის ქვეყნიდან?!“ - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თამაზ დაუშვილმა წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.

საქმე ის არის, რომ 28 და 29 აპრილს, მსხვილი ბიზნესმენების გარკვეულმა ნაწილმა განცხადებები გაავრცელა, რითაც ფაქტობრივად, მხარი დაუჭირეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ კანონპროექტს. ამასთანავე, ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

- მანქანაში სულ მიდევს საქართველოს კონსტიტუცია, მთავარი კანონი, რომლის 78-ე მუხლში წარია, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო, პრეზიდენტი, პრემიერი, გამგებლები, გუბერნატორები ვალდებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
მქონდა პატივი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შევხვედროდი და ყველა გვეუბნება, რომ ეს კანონი ხელს არ უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ახლა ჩვენ რა ვქნათ - ვის დავუჯეროთ?! არ დავუჯეროთ ევროპელ დიპლომატებს?!

გავა დრო, საქართველო აუცილებლად გავა ფონს, სხვანაირად გამორიცხულია და არ მინდა, ბევრ ადამიანს ურთიერთობის შერცხვეს...

თქვენ ახსენეთ ბიზნესმენების განცხადებები... მინდა, მათ ვუთხრა, რომ არსებობენ ძალიან დიდი ფულის პატრონი ადამიანები აშშ-ში, რომლებიც სულ სხვა ღირებულებებით ცხოვრობენ, მაგალითად, ოურენ ბაფეტი, რომელიც 1969 წელს გამოშვებული მანქანით დადის და თავისი შემოსავლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს თავისი ქვეყნის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის რიცხავს. მოდით, ამაზე დავფიქრდეთ...

ღირებულებებია ყველაზე მთავარი! სახლში რომ მივალთ, საკუთარ შვილებს რაზე უნდა ვესაუბროთ, რა უნდა ვუთხრათ, რა უნდა ავუხსნათ...

რატომ მიეცა საქართველოში ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა?! 1991 წლამდე ასე ხომ არ იყო?! ჩვენ ხომ დამოუკიდებელმა საქართველომ მოგვცა საშუალება, ვიღაცები ბიზნესმენები გავმხდარიყავით. ხომ ასეა?! მანამდე ვინ იყვნენ? - ცეხავიკები. მე მგონი, ჩვენ ცეხავიკობა არ გვინდოდა, ხომ?! გვინდოდა, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანი შეძლებდა, თავისი შესაძლებლობების გამოვლენას და ქვეყნიდან არ გაიქცეოდა.

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან, რადგან აქ ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს?! რა ფასი აქვს მაშინ ამ ბიზნესის კეთებას თუ შენივე მოქალაქე გაგირბის ქვეყნიდან და მერე წუწუნებ - „ვაიმე, სამუშაო ძალა აღარ არისო“... როგორ იქნება თუკი ერთად ვერ მოვახერხეთ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება?!

საქართველოს ექმნება პრობლემა, ევროპის კავშირში გაერთიანების გზაზე... თუ ჩემი არ გჯერათ, მგონია, მათაც <“გამჭვირვალობის“ მხარდამჭერ ბიზნესმენებს> აქვთ საშუალება, დაელაპარაკონ ელჩებს და მათი დაიჯერონ...

- იქნებ შიშია მიზეზი მსგავსი განცხადებების?

- შიში ხომ უკან უნდა მოგვეტოვებინა?! ახლა რომ მე ვსაუბრობ, ვინმეს რამეს ვუშავებ?! ყოველდღე იმაზე ვფიქრობ, თუ ჩემი შვილები საზღვარგარეთ წავლენ სასწავლებლად, აქ დაბრუნდნენ ან იქნება მომავალში არც მოუწიოთ ქვეყნიდან წასვლა - აქ იყოს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა... ჩემი ქვეყნის სიყვარულის გარდა, არაფერი მამოძრავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები