პირველი თებერვლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები რეორგანიზაციის შემთხვევაში მობილობით ვეღარ ისარგებლებენ და ამასთან გათავისუფლების შემთხვევაში 3 თვის კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი არახალია და საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2015 წელს იყო წამოჭრილი. თუმცა, მაშინ პროფკავშირებიც აქტიურად აპროტესტებდა და საკონსტიტუციო სასამართლომ მისივე გადაწყვეტილებით თქვა, რომ ეს ნორმა კონსტიტუციასთან კონფლიქტში მოდიოდა.
„ეს რაც ხდება მართლაც არის შემაშფოთებელი და ძირს უთხრის ყველა იმ მონაპოვარს, რაც ჩვენ გაგვაჩნია სწორედ ევროინტეგრაციის წყალობით და დამსახურებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის გარანტიები, რომელიც კანონმდებლობაში შრომით სფეროში შეიქმნა და მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც 2015 წელს გატარდა, ეს იყო სწორედ ასოცირების ხელშეკრულებიდან აღებული ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც ეს ჩატარდა, რაც საკმაოდ ყოვლისმომცველია. მიზანი იყო ის, რომ საჯარო სამსახური ყველანაირი წნეხისგან ყოფილიყო დამოუკიდებელი. ის, რომ ადამიანებს ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულიყვნენ და შესაძლებელი ყოფილიყო, მათი კარიერული წინსვლა და მათი დაცულობა უკანონო გათავისუფლებისგან.
იურიდიული განათლების გარეშეც რომ წავიკითხავთ პროექტის ტექსტს, მივხვდებით, რომ თუ ეს კანონად იქცევა, არ რჩება სივრცე იმისთვის, რომ საჯარო მოხელე დავიცვათ რეორგანიზაციის შემთხევევბში გათავისუფლებისგან. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი რომ დააზღვიოს კანონმდებელმა, ადამიანი სასამართლოში წავიდეს და მოსამართლის გადაწყვეტილებით სამსახურში იქნას აღდგენილი, ამაზე პირდაპირ წერია კანონში, რომ თუკი ამ პოზიციაზე სხვა ადამიანი მუშაობს, სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება იმგვარი, რომელიც დაავალდებულებს დაწესებულებას სამსახურში აღდგენის“, - ამბობს ლიპარტელიანი და დასძენს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, პირი 3 თვის კომპენსაციასაც ვეღარ მიიღებს.
მისივე ინფორმაციით, 2015 წლის შემდგომ საქართველოს კონსტიტუციაში შრომის დაცვის გარანტიები შედარებით გამყარდა, ვიდრე ეს მანამდე იყო.
ლიპარტელიანი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ის საქართველოს ერთი მხრივ პროგრესს და მეორე მხრივ კანონმდებლობაში არსებული სტანდარტების არ გაუარესებას ავალდებულებს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან უფრო დიდ კონფლიქტში მოვდივართ. უნდა ვახსენოთ ასევე ასოცირების ხელშეკრულება. ასოცირების ხელშეკრულება გვავალებს ერთი მხრივ პროგრესს, შრომითი უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად გვავალდებულებს, რომ არ გავაუარესოთ ის სტანდარტი, რაც კანონმდებლობაში უკვე არსებობს.
ამასთან, ყოველწლიური შეფასებები, რომელიც წლებია სავალდებულოა საჯარო სამსახურში, საჯარო მოხელის ბედია დამოკიდებული და ეს კანონპროექტი ამბობს, რომ შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა 3 თვის ვადაში, მას შემდეგ რაც მოხდება საჯარო მოხელის შეფასება, შეცვალოს შეფასების გადაწყვეტილება. რეალურად, ნორმა იძლევა საშუალებას რომ ადამიანმა, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო, მისი შეფასება საწინააღმდეგოდ შეიცვალოს. ორჯერ უარყოფითი შეფასება კი არის გათავისუფლების საფუძველი. რეალურად ეს ქმნის სივრცეს, რომ ადამიანს შეუქმნან მდგომარეობა, რომ ესეც გახდეს დამატებითი ბერკეტი, რომ საჯარო მოხელე სისტემიდან წავიდეს“, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანი.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები რეორგანიზაციის შემთხვევაში მობილობით ვეღარ ისარგებლებენ და ამასთან გათავისუფლების შემთხვევაში 3 თვის კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ამას ითვალისწინებს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონის პროექტი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი ავტორები არიან ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.