მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვაკავშირებს რუმინეთის ეკონომიკასთან? - მიმოხილვა რიცხვებში

რუმინეთი

რუმინეთი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივადი ჩახშობის გამო შეშფოთებულია. შესაბამისი განცხადება რუმინეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თითქოს რუმინეთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს. “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილების გამო. შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ[ გადაწყვეტილებაზე" - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. თავის მხრივ ამ გამოხმაურებას კობახიძემ წნეხის შედეგი უწოდა.

Bm.ge დაინტერესდა, როგორია რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში, რომლის მოკლე მიმოხილვასაც გთავაზობთ ვაჭრობის, FDI-ის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ჭრილში. თუმცა, მანამდე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა რუმინეთსა და საქართველოს შორის შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის (Black Sea Energy) პროექტს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც 1,195 კილომეტრამდე სიგრძის კაბელის მშენებლობა იგეგმება. კაბელი საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკულ სისტემას დააკავშირებს, ხოლო აზერბაიჯანი და უნგრეთი სახმელეთო გადაცემის გზებით იქნებიან ახალ ენერგეტიკულ დერეფანში ჩართული. როგორც რამდენიმე თვის წინ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში წყალქვეშა კაბელის მშენებლობისთვის 3,5 მილიარდი ევროა საჭირო.

რაც შეეხება საქართველო-რუმინეთს შორის სხვა ეკონომიკურ კავშირებს, იგი რიცხვებში შემდეგნაირად გამოიყურება:

ვაჭრობა

რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 227,6 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც მცირედით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს (222,6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 61 მლნ-ით ჩამორჩება 2022 წლის მონაცემს (288,4 მლნ აშშ დოლარი). რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობით რეკორდული წელი 2019 იყო, როდესაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 363,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ტრადიციულად სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია, რომელმაც მიმდინარე წლის 11 თვეში 200,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემი თითქმის იგივეა, რაც 2023 წლის 11 თვეში იყო იმპორტის თვალსაზრისით (199,8 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ჩამორჩება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 65 მლნ აშშ დოლარით. იმპორტში ძირითადი ნაწილი ნავთობპროდუქტებზე მოდის, ვინაიდან “რომპეტროლის” საწვავის იმპორტი საქართველოში სწორედ რუმინეთიდან შემოდის.

რუმინეთიდან მთავარი საიმპორტო პროდუქტების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 150,145.64 ათასი აშშ დოლარი
  2. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 6,953.83 ათასი აშშ დოლარი
  3. მსუბუქი ავტომობილები - 5,379.76 ათასი აშშ დოლარი
  4. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 4,587.76 ათასი აშშ დოლარი
  5. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 4,587.76 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება ექსპორტს, წელს, 11 თვეში საქართველოდან რუმინეთში 27,2 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2023 და 2022 წლების ანალოგიურ პერიოდებს დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს. მთავარი საექსპორტო საქონელი სასუქებია. TOP-5-ში შემავალ სხვა საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

  1. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 16,783.74 ათასი აშშ დოლარი
  2. საფრენი აპარატები სხვა - 7,000.00 ათასი აშშ დოლარი
  3. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 792.81 ათასი აშშ დოლარი
  4. მსუბუქი ავტომობილები - 613.71 ათასი აშშ დოლარი
  5. ფეროშენადნობები - 495.09 ათასი აშშ დოლარი

FDI

რუმინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში 228 900 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. პირველ და მეორე კვარტლებში კი უარყოფითი FDI დაფიქსირდა -600 000 აშშ დოლარის მოცულობით. რაც შეეხება წლიურ ჯამურ ინვესტიციებს რუმინეთიდან, ამ მხრივ რეკორდული წელი 2021 იყო, როდესაც რუმინეთიდან 2,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ფულადი გზავნილები

რუმინეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც უმნიშვნელოა. მაგალითად, მიმდინარე წლის ნოემბერში 45 600 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ჯამში 2023 წლის 11 თვეში ფულადმა გზავნილებმა რუმინეთიდან 545 900 აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლებში კი ჯამურად, მაგალითად 2023 წელს - 390 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2022 წელს - 400 000 აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები