თიბისის ბანკის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განმარტებით, ლარის კურსზე სენტიმენტების ცვლილება გავლენას ახდენს. როგორც გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში, ნადარაიამ განაცხადა, ლარის დეპოზიტების ზრდის ტემპი მკვეთრად არის შემცირებული.
“ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არის ფულადი აგრეგატების დინამიკა, რაც საჯაროა და რისი ნახვაც ყველას შეუძლია. როცა სენტიმენტებში არის ცვლილება, როცა გაუფასურების მოლოდინებია, მაშინ ლარის დეპოზიტების ვალუტის დეპოზიტებისკენ გადადინება ხდება.
ლარის დეპოზიტები უფრო მზარდი იყო, ვიდრე დოლარის. თუმცა, მაისში უკვე აშკარაა, რომ პირველ რიგში, ჯამური დეპოზიტების ზრდის ტემპი მაღალია, სამივე ვალუტას თუ ავიღებთ - ლარი, დოლარი, ევრო. ამასთან, რეკორდულად მაღალია ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპი. ლარის დეპოზიტების ზრდის ტემპი კი მკვეთრად დაეცა, თვე თვეზე უარყოფითშიც კი გადავიდა. რა შეიცვალა? ის რომ თანხობრივად რომ ვთქვათ, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200-300 მლნ დოლარის ე.წ. გადახურდავებები მოხდა”, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
მან საქართველოს ეკონომიკის “სეზონურობაზეც” გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადრე სეზონურობა ლარსაც ახასიათებდა.
“საქართველოს ეკონომიკას სავალუტო შემოდინებების კუთხით აქვს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ზაფხული უკეთესია ვიდრე ზამთარი, მათ შორის ტურისტული შემოდინებებისა და ენერგომატარებლების გამო. ჩვენ გვახსოვს, რომ ლარსაც ჰქონდა სეზონურობა, 2017-19 წლებში, ლარიც ზაფხულში მყარდებოდა, შემდეგ ზამთარში უფასურდებოდა. ამის შემდეგ ჩვენმა დიდმა ნაწილმა ისწავლა, რომ ლარი სეზონურია, და ზაფხულამდე დაიწყო ლარის ყიდვა და ზამთრამდე ლარის გაყიდვა. ამ ქცევამ ის გავლენა იქონია, რომ ბოლო წლებში ლარის სეზონურობას ვეღარ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ლარს სეზონური მერყეობა ექნება, ვინც ცდილობს რომ ლარის კურსით მოიგოს, ის ზაფხულის სეზონის მოსვლამდე ყიდულობს ლარს და პირიქით. ეს რატომაა მნიშვნელოვანი? ამ ზაფხულამდე პერიოდი ისეთი იყო, რომ ყველა ლარს ყიდულობდა, სენტიმენტები რომ შეიცვალა, ფაქტობრივად, რაც უნდა გადახურდავებულიყო ივლის-აგვისტოში, იმის დიდი ნაწილი უკვე გადახურდავდა”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მოლოდინებზე გავლენას ახდენდა არჩევნებიც: “ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, იყო მოლოდინი, რომ ლარი არჩევნების მერე გაუფასურდებოდა. ამიტომაც თუ ეს მოლოდინებია, არჩევნებამდე მოხდება უფრო მეტად ვალუტის დეპოზიტების და ლარის სესხების ფორმირება”, - განმარტა ოთარ ნადარაიამ “საქმიან დილაში”.
აღსანიშნავია, რომ 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.64 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0767 ლარი გახდა.
ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. კერძოდ, 16 მაისის აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაიყიდა, ხოლო 28 მაისის აუქციონზე გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან 48.7 მილიონი დოლარი გაიყიდა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლარის კურსის გაუფასურებას პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე დროებით პროცესად აფასებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი გასულ კვირას განაცხადა, რომ 14 მაისის შემდეგ ლარის მკვეთრი გაუფასურება ხელოვნურად, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა და საბოტაჟის ნიშნები იყო, თუმცა არ დაასახელა, ვისმა ჩარევამ იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსზე.