მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პასუხი აქვს სებ–ს: ულოცავს თუ არა IMF-ი ნათია თურნავას? – ელენე კვანჭილაშვილის რედაქტორის სვეტი

სს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღის ბოლოს პასუხი დამიბრუნა რედაქტორის ამ სვეტში წამოწეულ თემაზე. 4 კითხვიდან 2 უპასუხოდ დარჩა.

„ანალიტიკა“–ს კითხვა: რატომ არ საჯაროვდება წერილი?

სებ–ის პასუხი: „წერილის სრული შინაარსის გასაჯაროების უფლება საერთაშორისო პროტოკოლის ნორმებიდან გამომდინარე, არ გვაქვს. ამასთან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ წერილი არის ოფიციალური“.

„ანალიტიკა“–ს კითხვა: „თუ ქართულად და ინგლისურად დევს უკვე ამონარიდი ამ წერილიდან, რატომ არ შეიძლება მისი სრული ვერსიის გაზიარებაც?“

სებ–ის პასუხი: „მოგახსენებთ, რომ თქვენი თხოვნაა წერილის სრული გასაჯაროება, რაც ეწინააღმდეგება პროტოკოლის ნორმების დარღვევას, ვინაიდან შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც მესამე მხარესთან შეთანხმების გარეშე ვერ გავასაჯაროებთ“.

ჩემს შემდეგ კითხვაზე, აპირებს თუ არა სებ–ი მესამე მხარესთან შეთანხმებას და წერილის საბოლოოდ გასაჯაროებას – პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია.

ჩემს შემდეგ კითხვაზე – რას ამბობს სებ–ი ამ განცხადებით საბოლოო ჯამში – ულოცავს თუ არა IMF-ი, როგორც ფონდი, როგორც ინსტიტუცია ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას (რაც დამეთანხმებით, მხოლოდ კი ან არა პასუხს მოითხოვს) – მკაფიო პასუხი ამ დრომდე არ მაქვს.ჩემს მიერ დამუშავებული ინფორმაცია ასეთ სურათს აჩვენებს: იმისთვის, რომ აღმასრულებელი საბჭოს მოსაზრება ან ხედვა მთლიანად ფონდის მოსაზრებად ან ხედვად ჩამოყალიბდეს, ამისთვის აუცილებელია ყველა დირექტორის ერთიანი პოზიცია – მხოლოდ ერთი ქვეყნის თუ ქვეყნის ჯგუფთა წარმომადგენლის პოზიცია ამისთვის საკმარისი არ არის.

ფონდის რთული სტრუქტურიდან გამომდინარე, ამ ტექნიკური დეტალების გასარკვევად IMF-ის ადგილობრივ წარმომადგენლობასაც მივმართე მას შემდეგ, რაც სებ–მა პასუხი დამიბრუნა. დღეს IMF-ისთვის ოფიციალური დასვენების დღეა – რა განმარტებებს მივიღებთ უკვე ფონდისგან, ამას მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ხშირად, სწორედ IMF-ის პოზიციაზეა დამოკიდებული ყველა სხვა საფინანსო ინსტიტუტის დამოკიდებულებაც, ამიტომ, თუ სებ–ი ირიბად თავად მიიჩნევს, რომ ფონდთან შეჩერებული პროგრამის ფონზე, ნდობის პრობლემა ნამდვილად აქვს და შეგნებულად, განსხვავებულად წარმოაჩენს რეალობას, ეს, ერთი მხრივ, IMF-ის უპატივცემულობაც გამოდის და მეორე მხრივ, უფრო ღრმა პრობლემის სიგნალიც შეიძლება აღმოჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები