"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნება. მან ამის შესახებ საკადრო გადაწყვეტილებებზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია ასეთია:
ანრი ოხანაშვილის მეუღლე თბილისში, დიღომში ფლობს 800 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 509 კვ.მ-ის საცხოვრებელ სახლს.
დეკლარაციის თანახმად, ანრი ოხანაშვილი საბანკო ანგარიშებზე ინახავს 2 ათას ლარამდე თანხას, ხოლო ნაღდი ფულის სახით აქვს 8 ათასი ევრო და 9.5 ათასი დოლარი.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 53,449 ლარის ანაზღაურება მიიღო, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორობით მისი ანაზღაურება 7017 ლარი იყო, მისი მეუღლე მაკა ხოდელი კი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და მისი ანაზღაურება 13,665 ლარს შეადგენდა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კი ხოდელმა ასევე სამართლის ფაკულტეტზე 3577 ლარის ანაზღაურება მიიღო.
მსხვილი ხარჯებიდან ოხანაშვილი შვილების სწავლის საფასურში გადახდილ 19 ათას ლარს წერს.
ანრი ოხანაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).
2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა).
2010 წელს დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (LL.M.).
2020 წელს დაიცვა დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Doctor iuris) აკადემიური ხარისხი.
2010-2023 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
2007-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
2008-2010 წლებში იყო ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ პროექტში მეცნიერ-თანამშრომელი.
2008, 2011-2012 წლებში იყო სტუდენტური გაცვლითი სემინარის („Netzwerk Ost-West“) სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2016-2017 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
2017-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს (ხაზინადართა საბჭო) წევრი.
2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი.
2019-2023 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
2021-2024 წლებში იყო ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.
2015 წლიდან არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის (DGStZ) ერთ-ერთი გამომცემელი.
2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
- ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
- ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ "ოცნება" რეგიონული განვითარების სამინისტროს ქმნის, რომელსაც სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს. ანრი ოხანაშვილის პოსტს კი "ოცნების" პარლამენტარი და რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორი, პაატა სალია დაიკავებს.




























