საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, მინისტრის ნათესავი და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 27 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა საჯარო სექტორში თავად ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, და რა ქონებით დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა. სწორედ ეს იყო მაშინ კობახიძის კაბინეტში პირველი და ერთადერთი ცვლილება.
ბურჭულაძე 2015 წლამდე აშშ-ის საელჩოში ფინანსური მენეჯერის პოსტს იკავებდა. მისი კარიერა საჯარო სექტორში 2015 წლიდან იწყება.
ქონებრივი დეკლარაცია
დეკლარაციის მიხედვით ბურჭულაძე ცხოვრობს მეუღლესთან და 5 არასრულწლოვან შვილთან ერთად. 2015 წელს კი, 6 შვილთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, დეკლარაციიდან უფროსი ვაჟი 2000 წელს დაბადებული დავითი მას შემდეგ ამოიღო, რაც ის სრულწლოვანია.
2015 წელს ბურჭულაძე დასაქმებული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის მ/შ-დ. 2025 წელს კი დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც უკვე ყოფილ მინისტრს.
უძრავი ქონება
2015 წელს ბურჭულაძის ოჯახის მფლობელობაში იყო 8 უძრავი ქონება, მათ შორის:
- 2 ბინა თბილისში და ბაკურიანში,
- 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში,
- 3 ობიექტი ბაგებში (სახლი, ავტოფარეხი, არასაცხოვრებელი ფართი),
- 2 ბინა და ავტოფარეხი ნუცუბიძეზე (ნინო მხეიძის სახელზე).
დეკლარაციაში ქონების ნაწილი აღარ არის მითითებული, თუმცა ოჯახმა შეიძინა:
- 3964 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ართანაში 2020 წელს 20,000 ლარად;
- 2522 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ართანაში (50%-იანი წილი) იმავე წელს 10,000 ლარად. (თანამესაკუთრე - ლევან ყულიჯანიშვილი)
- მეუღლე, ნინო მხეიძე ფლობს 2024 წელს 5000 დოლარად შეძენილ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ართანაში;
- 336.6 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე, რომელიც 2016 წელს 465,000 ლარად შეიძინეს საზაფხულო ფართთან და ავტოფარეხთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ნინო მხეიძემ 2024 წელს ერთ-ერთი უძრავი ქონება 802,800 ლარად გაყიდა, საიდანაც 267,600 ლარი დეკლარაციის შევსების მომენტში უკვე მიღებული ჰქონდა და დარჩენილი თანხა განვადებითაა გადასახდელი.
მოძრავი ქონება
2015 წელი ოჯახი ფლობდა ორ ავტომობილს. ღირებულება 30,000 ლარის ფარგლებში.
- yundai Elantra (2009 წლის გამოშვება) - ფასი 13,500 ლარი;
- Hyundai Tucson (2011 წლის გამოშვება) - ფასი 25 000 ლარი.
2025 წლის დეკლარაციაში, მათ მფლობელობაში ფიქსირდება:
- Kia Veni (შეძენის თარიღი 2024 წელი) - ფასი 35,000 ევრო;
- კვლავ რჩება Hyundai Tucson (2011 წლის გამოშვება) - ფასი 25 000 ლარი.
ანგარიშები
ბურჭულაძის სახელზე 2025 წელს აღრიცხულია:
- საქართველოს ბანკში - რამდენიმე მიმდინარე ანგარიში, მათ შორის ერთზე 5536 ლარი, მეორეზე - 5503 ლარი;
- ლიბერთი ბანკში - რამდენიმე ანგარიშზე სიმბოლური თანხები (მაქს. 16.98 USD);
- ტერა ბანკში — მიმდინარე ანგარიშზე 800.01 ევრო და საკრედიტო ბარათზე 286 ევროს დავალიანება, ლიმიტით 10,000 ლარი.
დამატებით, საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათზე ბურჭულაძეს აქვს 4331 ლარის ვალდებულება 5,000 ლარიანი ლიმიტით.
მეუღლეს, ნინო მხეიძეს, საქართველოს ბანკში გააჩნია 3 აქტიური ანგარიში, რომელთაგან ერთზე ფიქსირდება 3594.59 აშშ დოლარის ნაშთი.
ჯამურად, ბურჭულაძეების ოჯახის საბანკო ანგარიშებზე ნაშთები აჭარბებს 16,000 ლარის ექვივალენტს, თუმცა ანგარიშების უმრავლესობაზე თანხები მინიმალურია.
2015 წელს, ბურჭულაძეს:
- ფიქსირდებოდა მხოლოდ 3 ანგარიში (Citibank, TBC, სტანდარტ ბანკი),
- მასზე იყო 9000 დოლარის საკრედიტო დავალიანება და დაახლოებით 2300 დოლარი ნაშთი მიმდინარე ანგარიშებზე.
სესხები და სხვა დეტალები
ბურჭულაძის სახელზე 2025 წლისთვის მოქმედებს:
- 114,410 დოლარის იპოთეკური სესხი (შეძენილი 2016 წელს),
- დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2024 წელს მას ჰქონდა 13,412 ლარის ავიაბილეთების შეძენის ხარჯი, რომელიც შემდეგ კომპენსირებულ იქნა ბანკის მიერ ზუსტად იგივე ოდენობის თანხით.
2024 წლის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძემ სხვადასხვა წყაროდან მიიღო ჯამში 18,698 ლარი:
- თავდაცვის სამინისტროდან - 8,550 ლარი [ბურჭულაძე თებერვალში ტოვებს პოსტს] (მინისტრის ხელფასი),
- კერძო სექტორიდან („ტერაბანკი“, შპს „გორიესთეითი“ ინვესტიციების მოზიდვის კოორდინატორი) - 10,148 ლარი.
მისი საქმიანი ბიოგრაფია კი ასეთია
- 1998–1999 წწ. – სტაჟიორად მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტში.
- 1999–2001 წწ. – შპს „ლუქსი“-ს ფინანსური მენეჯერი.
- 2001–2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი.
- 2004–2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“-ს პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
- 2005–2006 წწ. – ს.ს. „სტანდარტ ბანკი“-ს კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის პირადი ბანკირი.
- 2006–2007 წწ. – ს.ს. „სტანდარტ ბანკი“-ს ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი.
- 2007 წელი – ს.ს. „სტანდარტ ბანკი“-ს საბურთალოს ფილიალის მმართველი.
- 2007–2010 წწ. – ს.ს. „კორ-სტანდარტ ბანკი“-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.
- 2010–2015 წწ. – ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოში ფინანსური მენეჯერი.
- 2015 წელი – დაინიშნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ.
- 2015–2016 წწ. – იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
- 2016–2019 წწ. – მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ.
- 2019–2021 წწ. (22 თებერვლამდე) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის [ირაკლი ღარიბაშვილის] მოადგილე.
- 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძე 2024 წლის 8 თებერვალს შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა. 11 თებერვალს ახალმა მინისტრმა ჩიქოვანმა მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა დღეს კორუფციის ბრალდებით დაკავებული გიორგი ხაინდრავა. სუსი ამბობს, რომ "გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით".




























