საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს კანონში, რომელიც კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს დანიშნოს სპეციალური მმართველი კომპანიაში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას აღასრულებს, იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვა საშუალებებით ვეღარ ხერხდება.
რა ბერკეტი აქვს კომუნიკაციების კომისიას დღეს? ერთი მხრივ, მას შეუძლია კომპანიას დააკისროს ჯარიმა, გაფრთხილება და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, იმსჯელოს კომპანიისთვის ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმებაზე. თუმცა, კომისია აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე კონკურენტულ გარემოს.
კომისია აღნიშნავს, რომ ასეთ დროს მათ მათივე გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი აღარ რჩებათ, ამიტომ გამოსავალი შეიძლება კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა იყოს, რომელიც მაქსიმუმ 2 წლის ვადით დაინიშნება.
კანონპროექტმა გარკვეული კითხვები მედიის მფლობელებში და ამ სფეროში ჩართულ პირებში უკვე გააჩინა. ხომ არ სურს კომუნიკაციების კომისიას წინასაარჩვენოდ მედიაში სპეციალური მმართველების დანიშვნით კონტროლის გაძლიერება? თუმცა, კომუნიკაციების კომისიაში ამ ბრალდებას ტყუილს უწოდებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი ტელევიზიებს და მაუწყებლებს არ ეხება.
მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის განმარტებისა, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც” და “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციაც” რისკებს ხედავს, რომ კომუნიკაციების კომისიამ სპეციალური მმართველები შესაძლოა მედიაშიც დანიშნოს.
სპეციალურ მმართველებს კი კანონპროექტი საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს, ისინი ვალდებული იქნებიან, პრაქტიკულად ყველა ნაბიჯი კომისიასთან შეათანხმონ.
მართალია, კომისია ამბობს, რომ ცვლილებები მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს ეხებათ, მაგრამ ასეთ კომპანიებად მოიაზრებიან ასევე რეგიონული მაუწყებლები, რომლებიც მულტიპლექს კომპანიები არიან - ანუ სპეციალური ბოქსებით აწვდიან მომხმარებელს სატელევიზიო სიგნალს. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს ასევე საკაბელო ოპერატორებშიც. მოკლედ, კომისიას აქვს შესაძლებლობა ირიბად, მაგრამ გავლენა მოახდინოს მედიაზეც - სწორედ ამიტომ სპეციალისტები მოითხოვნენ, მკაფიოდ ჩაიწეროს კანონპროექტში, რომ ის არ ეხება იმ ტელეკომ ოპერატორებს, რომლებიც ახდენენ მაუწყებლობის გავრცელებას.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი: “კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში ამოვიკითხეთ, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემთხვევაში საუბარია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, მაგრამ რეალურად მათი განმარტება კანონში არ გვაქვს, ამიტომ რთულია ვთქვათ, ვის მოიაზრებენ.
და კიდევ ერთი, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა: რატომ ახლა? კომისია ამბობს, რომ აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ წლებია ასეთი ფორმით მუშაობს. რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში დღეს, წინასაარჩევნო პერიოდში?”.
“მცირე და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია”, უჩა სეთური: განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეხება სატელეკომუნიკაციო სფეროს, მაგრამ ბოლო ცვლილებების შემდეგ, როცა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა ქვეყანა, გვაქვს ქსელები, რომლებიც ავრცელებს მედიას, ეს ქსელები თავის შინაარსით არიან ტელეკომ ოპერატორები, საუბარია მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ქსელებზე, ასევე ტრადიციულ მაუწყებლებზე, რომლებიც ავრცელებენ მედიას სადენების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ისეთი ოპერატორებიც, რომლებიც არიან ამავდროულად მაუწყებლები, შესაბამისად, დღევანდელი ჩანაწერის მიხედვით, კომისიას შეუძლია ამ კომპანიებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. შესაბამისად, კანონპროექტი მოითხოვს დაზუსტებას.