მიმდინარე კვირაში ერთპარტიული პარლამენტი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცნობის საკითხებთან ერთად, 2025 წლის ბიუჯეტსაც განიხილავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის შექმნის საკითხიც.
"ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებას და 2025 წლის ბიუჯეტს, ასევე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებიც გვექნება განხილვაში. გვექნება ორი კენჭისყრა, თავდაპირველად გამოვა დადგენილება ჩვენი რამდენიმე კოლეგის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ამის შემდეგ კენჭს ვუყრით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის შექმნის საკითხს, გადავალთ ბიუჯეტის განხილვაზე და ვცნობთ ახალი კოლეგების უფლებამოსილებას", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, კვირის მეორე ნახევარი დაჩქარებული კანონპროექტების, მათ შორის სპორტის სამინისტროს გამოყოფის საკითხის განხილვას დაეთმობა. მიმდინარე კვირაში დაიხურება საშემოდგომო სესია.
"ოთხშაბათ-ხუთშაბათ-პარასკევს გვექნება დაჩქარებული კანონპროექტების განხილვა, იცით, რომ ბევრი კანონპროექტია, მათ შორის მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც, სპორტის სამინისტროს გაყოფა. მომდევნო სამი დღე ამ პროექტების პირველი, მეორე, მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრები გვექნება და პარასკევს პლენარული სხდომით დავასრულებთ საშემოდგომო სესიას", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, შაბათს, 14 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული - კენჭისყრაში მონაწილეობას 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია მიიღებს. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილია.
ვინ აირჩევს პრეზიდენტს - როგორ კომპლექტდება 300 ხმოსანი?
ვინ არის "ოცების" პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი? - ბიოგრაფია