საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო კომპანიები სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 18 750 - 18 750 ლარით დააჯარიმა.
სემეკის ცნობით, გასულ წელს „თელასს“ 11 740 წყვეტა ჰქონდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კი - 74 504.
როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ ორივე კომპანიის მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2024 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა წინა წელთან შედარებით, რაც მარეგულირებლის ნორმატიული აქტებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად მიიჩნიეს.
სემეკის განმარტებით, უწყება ყოველწლიურად აანალიზებს ენერგომომარაგების წყვეტების დინამიკას და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა




























