პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ მსოფლიო ქვეყნები ერთიანდებიან, რადგან არსებული პროგნოზით, 2050 წლისთვის, ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასა იქნება. პლასტმასით გამოწვეული დაბინძურება და განსაკუთრებით, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებით (ეგპპ), გარემოსდაცვითი კუთხით დიდ პრობლემას წარმოადგენს.
საქართველოში ჯერჯერობით არ არის დანერგილი პლასტმასის ნარჩენების განცალკევების სისტემა, რის გამოც ხელახალი გადამუშავების (რეციკლირების) მაჩვენებელიც დაბალია. მისი უდიდესი ნაწილი ნაგავსაყრელზე ან გარემოში ხვდება და აბინძურებს მას. 2020 წელს, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის პროდუქტების 93% ნარჩენად იქცა. აქედან 66% ერთჯერადად გამოყენების პლასტმასის პროდუქტს წარმოადგენს.
ამ რეალობის შესაცვლელად დიდი კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთჯერადი პლასტმასისა ჭურჭლისა და პოლიეთილენის პარკების ხმარებიდან ამოღება და მათი ეკომეგობრული ალტერნატივებით ჩანაცვლება დედამიწაზე პლასტმასით დაბინძურების დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად და კომპანიებისთვის მწვანე პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის კონკურსი “Beat Plastic Pollution” წამოიწყო. 2023 წლის თებერვალში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, CENN-მა მოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც 4 თვის განმავლობაში ეგპპ-ის შეძენისა და მოხმარების შემცირებისთვის მწვანე პოლიტიკის შემუშავებაში უწევდა კონსულტაციას.
მონაწილე კომპანიებმა და ორგანიზაციებმა, დეტალურად გამოიკვლიეს ნარჩენების წარმოქმნის წყაროები, მომხმარებელთა თუ თანამშრომელთა დამოკიდებულება, რის შემდეგაც მათზე მორგებული ინტერვენციები განახორციელეს და მწვანე პოლიტიკის დასანერგად საკმაოდ ინოვაციური და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
1. პეტ ბოთლები და პლასტმასას ერთჯერადი ჭიქები
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის პლასტმასას თავიდან არიდება დიდი გამოწვევაა, რადგან ქართულ ბაზარზე მისი ალტერნატივები მარტივად ხელმისაწვდომი არაა. ამის მიუხედავად, არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, რომელიც ორგანიზაციებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასით დაბინძურების შემცირებას უწყობს ხელს და მსგავსი მიდგომით საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გამოირჩევა. ასოციაციისათვის პლასტმასის ნარჩენების მთავარი წყარო წყლის ჭიქები იყო, რომლებიც დისპენსერებს ახდა თან. GFA-მ ხმარებიდან ამოიღო წყლის დისპენსერები და ერთჯერადი ჭიქები და კომპანიაში სტაციონარული წყლის ფილტრაციის სისტემა დანერგა, რომელიც მრავალჯერადი ჭიქებისა და ბოთლების გამოყენებასაც მოიცავს.
“CENN-ის კონკურსი დაგვეხმარა, გამოგვეყენებინა შემოთავაზებული სამუშაო მეთოდოლოგია და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მოგვეხდინა რეალური ცვლილება. კონკურსში მონაწილეობა ხელს გვიწყობს გაშუქდეს ჩვენი მიღწევები და გამოცდილება, რათა სხვა ორგანიზაციებმაც შეძლონ ხელშესახები შედეგების მიღწევა”, - აცხადებს ილია კუნჭულია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გარემოს დაცვის სპეციალისტი.
APM Terminals Poti
ანალოგიური მიდგომით გამოირჩევა კომპანია APM Terminals Poti, რომელმაც კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობისა და ზედმეტი პლასტმასის გამოყენების შემცირებისთვის სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა.
კონკურსის ფარგლებში კომპანიამ საკუთარი შესყიდვები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ “ტერმინალის” 800-მდე თანამშრომლისთვის კომპანიამ 2022 წელს 1,132,000 ცალი ერთჯერადი ჭიქა და 29,100 პლასტმასის ბოთლი შეიძინა.
ერთჯერადი პლასტმასის წყლის ბოთლებისა და ჭიქების მაღალი და მზარდი მოხმარების გამო, კომპანიაში შეიქმნა დაუყოვნებელი რეაგირების ჯგუფი, რათა გაეანალიზებინა და გადაეჭრა მიმდინარე გამოწვევა.
შედეგად, პირველი ქმედება იყო ერთჯერადი პლასტმასის წყლის ბოთლებისა და ჭიქების შეცვლა მრავალჯერადი გამოყენების ლითონის ბოთლებით, რომლებიც შეძენილია თითოეული თანამშრომლისთვის და მათზე ბრენდირებულია თანამშრომლის სახელი და გვარი. ეს ბოთლები, კომპანიას საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვნად შეამციროს ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება კომპანიის შიგნით. ამასთანავე, ერთჯერადი პლასტმასას ჭიქები სრულად განაცვლდა ქაღალდის ჭიქებით.
2. ცნობიერების ამაღლება
საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი
საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი პლატფორმაა, რომელიც მოხალისეებს საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სამოგზაურო ტურში ჩართვის საშუალებას აძლევს. ლაშქრობები კი ღია ცის ქვეშ იმართება, რის გამოც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე პირებს გარემოს ერთჯერადი პლასტმასით დაბინძურების საფრთხეებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. კონკურსის ფარგლებში ორგანიზაციამ ეკომეგობრული აქტივობები, მათ შორის ლაშქრობები დაგეგმა, რომელიც გარემოს პლასტმასის ნარჩენებისგან დასუფთავებასაც მოიცავდა.
საჩხერის ახალგაზრდულმა ცენტრმა 200-მდე მოხალისისთვის გარემოსდაცვითი კამპანია და ტრენინგების სერია წამოიწყო, შემდეგ კი ორგანიზაციის შიგნით ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები მრავალჯერადი თერმოსებით ჩაანაცვლა.
თანამშრომლებისათვის ცნობიერების ამაღლების კამპანიები "ფერმერთა ასოციაციამაც" ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ შესყიდვების სახელმძღვანელო შეისწავლა და მწვანე პოლიტიკას მოარგო.
APM Terminals Poti პლასტმასის ნარჩენების შემცირებისა და ერთჯერადი გამოყენების ჭურჭლის ჩანაცვლების პროცესის პარალელურად თანამშრომლებთან შეხვედრებსაც აწარმოებდა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებს მართავდა და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობდნენ.
3. პლასტმასის შეფუთვები
NDI - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი
მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პლასტმასის შესაფუთი მასალისა და ჭურჭლის ხმარებიდან ამოღებაა, რაც “NDI - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალისთვის” მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა. გარდა სასმელი წყლის პეტ ბოთლებისა, ორგანიზაციაში ძალიან მაღალი პროცენტული წილი ერთჯერადი პლასტმასის შემცველობის თეფშების, ჭიქების, დანა-ჩანგლისა და კოვზების გამოყენებას ეჭირა. კომპანიამ თანამშრომლებს პლასტმასის შეფუთვებისა და ჭურჭლის მდგრადი ალტერნატივები - ხის ერთჯერადი გამოყენების დანა-ჩანგლები, მინისა და კერამიკის ჭურჭელი, უჟანგავი ფოლადის კოვზები და სხვა ეკომეგობრული მასალები შესთავაზა.
“კონკურსის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ეფუძნებოდა CENN-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე მიღებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ ინფორმაციას, მათ შორის ღონისძიებების დაგეგმვის, პლასტმასის გამოყენების სფეროების იდენტიფიცირების, ორგანიზაციის თანამშრომლების ჩართულობითა და მათი ინფორმირებული თანხმობით კონკრეტული ღონისძიებების გატარების კუთხით. ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში ამხელა ცოდნისა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან ხელშეწყობა მწვანე პოლიტიკის გატარების პროცესში და თითოეული რჩევა თუ გაზიარებული პრაქტიკა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში”, - აცხადებს ქეთევან ფიცხელაური, NDI-ის ადმინისტრაციული და ფინანსური ასისტენტი.
მშვიდობის კორპუსი
ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსი” საკვებისა და სასმლის შესაფუთად ყველაზე ხშირად ერთჯერადი პლასტმასის შესაფუთებს იყენებდა, რადგან კომპანიაში მრავალჯერადი მოხმარების ჭურჭლის გასუფთავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. კომპანიამ თავის ოფისში ორი ახალი სამზარეულო მოაწყო, რითაც თანამშრომლებს საშუალება მისცა, მრავალჯერადი ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის გამოყენება უფრო კომფორტული გამხდარიყო.
4. განახლებადი ენერგოსისტემების დანერგვა
Peace Corps Georgia
გარემოსდაცვითი მიდგომების დანერგვისას პლასტმასის მოხმარების შემცირებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარება და ამით სათბურის აირების ემისიების შემცირება, რასაც თავი “მშვიდობის კორპუსის ორგანიზაციამ” გაართვა. ოფისის ელექტროენერგიის 80% მათ მიერ დამონტაჟებული მზის პანელების ქსელიდან მოდის, რომელსაც 60 კილოვატ/საათის მოცულობა აქვს. კონკურსის ფარგლებში ორგანიზაციამ ელექტრომობილების ორი დამტენიც დაამონტაჟა, რითაც კომპანიის კუთვნილებაში მყოფი საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრო- და ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლების პოტენციალიც გაჩნდა, რაზეც კომპანია აქტიურად მუშაობს.
“მშვიდობის კორპუსმა” ამ ინიციატივით 10 000 კგ-მდე ნახშირბადის ემისია დაზოგა, რაც 300 ხის დარგვის ეკვივალენტურია. საწვავზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლებითა და მზის პანელების ქსელის განვითარებით კი კომპანია კიდევ უფრო მეტ ემისიას დაზოგავს.
5. პლასტმასის ნარჩენების რეციკლირება
ზემოჩამოთვლილი კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკაც დანერგა. მაგალითად, NDI-იმ საოფისე ინდივიდუალური მოხმარების ურნები, რანდენიმე დანაყოფიანი დიდი ზომის სანაგვე ურნით ჩაანაცვლა. კონკურსის ფარგლებში, “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” რამდენიმე წევრი კი ნარჩენების გადამმუშავებელ კომპანია “Polyvim”-ს ეწვია, გადამუშავების პროცესი შეისწავლა და საკუთარი ნარჩენების ჩაბარებაც დაიწყო. ანალოგიური პრაქტიკები დანერგეს სხვა კომპანიებმაც.
CENN-ს აღნიშნული კომპანიებიდან Beat Plastic Pollution კონკურსის გამარჯვებულების არჩევა ხვალ, 6 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონიალზე მოუწევს. კონკურსის შედეგებს, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება და სპეციალური ჯილდო და სერტიფიკატები გადაეცემა.