რადიო "თბილისს" მაუწყებლობის ლიცენზია 10 წლით გაუგრძელდება - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რადიოს დამფუძნებელმა, რამაზ სამხარაძემ გაავრცელა. მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე დადასტურდა, რომ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც რადიომაუწყებლობის გაგრძელებას ხელს შეუშლიდა.
"მეგობრებო, კარგი ამბავი გვაქვს!
რადიო თბილისს მაუწყებლობის ლიცენზია მომდევნო 10 წლით გაუგრძელდება!
ახლახან დასრულდა კომუნიკაციების კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და სხვა წევრები.
სხდომაზე დადასტურდა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ან ტექნიკური დაბრკოლება, რაც ხელს შეუშლიდა მაუწყებლობის გაგრძელებას.
უკვე 27 წელია, ჩვენს რადიოსადგურებს:
- არც ერთხელ არ დაურღვევიათ მაუწყებლობის შესახებ კანონი;
- არ მიუღიათ არცერთი გაფრთხილება კომისიისგან;
- დროულად გადაუხდიათ ყველა მოსაკრებელი და რეგულირებული გადასახადი;
- კომისიის წევრებს სხდომაზე არ ჰქონიათ შეკითხვები, რაც მოწმობს ჩვენს სრულ შესაბამისობას კანონთან.
მადლობა კომისიის თითოეულ წევრს პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობისთვის!
ახლა მთავარი ამოცანაა — გავათავისუფლოთ ინკასოს ქვეშ მოქცეული ანგარიში, რათა რადიომ შეძლოს გადასახადების გადახდა და მაუწყებლობის სრულფასოვნად აღდგენა", - წერს რამაზ სამხარაძე.
საქმე ისაა, რომ 2025 წლის 25 ივნისს შემოსავლების სამსახურმა გაყინა მედია ჰოლდინგ "ჰერეთის" ყველა საბანკო ანგარიში და დააყადაღა ქონება. ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს რადიო თბილისს, რადიო ჰერეთს და რადიო ციტრუსს.




























