მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამ გამოიწვია დეკემბერში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობის ზრდა? - რომან გოცირიძე სებ-ის სტატისტიკას აფასებს

1111

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას აფასებს, რომლის მიხედვითაც დეკემბერში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა ნოემბერთან შედარებით გაიზარდა.

რომან გოცირიძე განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ზრდა და მიზეზად რეზერვების ფიქტიურ ზრდას ასახელებს.

"ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გასულ, დეკემბრის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 324 მილიონი დოლარით გაზრდილა. ნოემბრის თვეში იყო 4, 123 მილიარდი დოლარი, დეკემბერში გახდა 4,447 მილიარდი დოლარი. რამ გამოიწვია ეს ზრდა-იყიდა ეროვნულმა ბანკმა დოლარები ან ბიუჯეტში შემოვიდა რაიმე სახის უცხოური დახმარება?

არა, ასე არ მომხდარა. რაც მოხდა რეზერვების ფიქტიური ზრდაა. კრიტიკულ ზღვარზე დაბლა აღმოჩენილი რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა, ვიდრე მანამდე იყო. ნორმატივი მანამდე შეადგენდა მოზიდული უცხოური ვალუტის მოცულობის 20 პროცენტს, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი.

ამით, რეზერვების მიცულობა კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის წმინდა რეზერვები, მატება მხოლოდ ქაღალდზეა, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ. საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რაც უკვე დაწყებულია, რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსება შეუძლებელია", - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში შემცირდა, თვის ჭრილში კი გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში წინა წლის საანგარიშო თვესთან შედარებით მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა.

თვიურ ჭრილში რეზერვების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ის არის, რომ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაეზარდათ. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო 20%-დან 25%-მდე. სარეზერვო მოთხოვნების მატების შემდეგ, რეზერვების მოცულობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები