მთავრობა საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს. გადამცემი ხაზების განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად, დადგმული სიმძლავრე ათ წელში 4 621 მგვტ-დან 10 336 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს.
BM.GE დაინტერესდა, რამდენად რეალურია ეს გეგმა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობა შეფერხებულია.
ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მურმან მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრის გაორმაგება ნაკლებად მოსალოდნელია.
მისივე შეფასებით, თუ გამოწვევები გადაიჭრება და ერთი მხრივ სათანადო ინვესტორების შერჩევა, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის პროექტების საჭიროებაში დარწმუნება მოხერხდება, შესაძლოა დადგმული სიმძლავრე გაიზარდოს.
"თუ წინა გამოცდილებით ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ასეთი რამე ძნელად მოსალოდნელია რომ მოხდეს. ჩვენთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის დიდი ჰესების მშენებლობა, რომელიც ვერ ხორციელდება და ასევე, არის ინვესტორების ხარისხის პრობლემა, რადგან ბევრი პროექტი არის გადაცემული ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებსაც თავიანთი რესურსები არ აქვთ და ბროკერებად არიან გადაქცეულები, შემდეგ ამ პროექტების მეორადი, მესამედი გადაყიდვა ხდება და ამაში გადის უამრავი დრო. ამიტომ, თუ კონტროლი გაძლიერდება, დიდი ჰესების მშენებლობაზე რეალური მხარდაჭერა და სახელმწიფოებრივი ხედვა იქნება და ეს არ გულისხმობს იმას, რომ გარემოს დამცველებს უნდა მოვერიოთ, ეს გულისხმობს, რომ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო, მეეჭვება სიმძლავრეების გაორმაგება მოხდეს, თუმცა იქით წავიდოდით მაინც”,- ამბობს მურმან მარგველაშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2034 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემაში ჯამური დადგმული სიმძლავრე 10336 მგვტ-მდე გაიზრდება, მისი გადანაწილდება კი შემდეგი იქნება: 4314 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესები, 2908 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესები, 1291 მგვტ ქარის სადგურები, 232 მგვტ მზის სადგურები, 110 მგვტ აირტურბინებზე მომუშავე, ხოლო 1480 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე. ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის 70%-მდე იქნება.