საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.
ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბანკირების და ნათია თურნავას უკვე მეორე შეხვედრაა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ გარკვეული რეგულაციების შერბილებაზე სებ-თან შეთანხმება შედგა.
"ეროვნულ ბანკთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს და გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი. ბოლო ორ შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული სურათი თუ საითკენ მივდივართ. უფრო მეტიც, დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკევულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი. პირველი, იმიტომ რომ საბანკო-საფინანსო სისტემას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. მეორე, უფრო მეტი სახსრები გაჩნდება ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი ამოცანაც ეს არის - ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი განვითარდეს, რაც ეკონომიკის განვითარების მთავარი საწინდარია. ძლიერი ეკონომიკა წარმატების მთავარი ფორმულაა ნებისმიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
"დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა რეგულაციის დახვეწასა და შერბილებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაიდოს და უფრო მეტი საკრედიტო აქტივობა იყოს. რაც მთავარია, ეს აქტივობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტური. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი დასაქმებისთვის. ყველაფერი უნდა მოხდეს ფასების სტაბილურობის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.