მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის 5G-ინტერნეტი მომხმარებლისთვის? - ვასილ ბერიშვილის განმარტება

ვასილ ბერიშვილი
სტატიაში საუბარია:

საქართველოში მეხუთე თაობის ინტერნეტის ეპოქა დაიწყო, რადგან “სელფი მობაილის” მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს 5G-ინტერნეტი უკვე აქვთ. ამ ეტაპზე, 5G-ქსელი გუდაურსა და ბაკურიანში ფუნქციონირებს, რის შემდეგაც “სელფი მობაილი” ახალი თაობის ინტერნეტის ქსელს საქართველოს მასშტაბით მოაწყობს, რისთვისაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს - სწორედ ამას ითვალისწინებს ლიცენზია, რომელიც კომპანიამ კომუნიკაციების კომისიისგან შეიძინა.

“სელფი მობაილის” გენერალური დირექტორის, ვასილ ბერიშვილის განმარტებით, მეხუთე თაობის ინტერნეტის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი პარამეტრი, ესენია - სიჩქარე და დაყოვნება. 5G-ქსელის დანერგვით კი, მისი თქმით, სიჩქარე გაიზრდება, დაყოვნება კი - მინიმუმამდე შემცირდება.

“თუ მარტივ ვიდეოს ვუყურებთ ან მარტივ აპლიკაციას ვიყენებთ, ინტერნეტის სიჩქარეს, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველაფერი, ნელ-ნელა, სტრიმინგისკენ მიდის და, რაც უფრო კარგი ხარისხის და შესაბამისად მძიმე ვიდეოებს ვუყურებთ, მით უფრო სწრაფი ინტერნეტი გვჭირდება. დღევანდელი სიჩქარეები ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ 5G მას გააორმაგებს, გაასამმაგებს და ზოგ შემთხვევაში, გააათმაგებს კიდეც.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დაყოვნების ნაწილი, განსაკუთრებით გეიმერებისთვის, რადგან ადამიანის რეაქცია თამაშში მყისიერად უნდა აისახოს. დღევანდელი ტექნოლოგიით, ეს თეორიულადაც შეუძლებელია და, როგორც კი დაფარვის არეში 5G-ქსელი გაიმართება, ესეც შესაძლებელი გახდება”, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა TECH INFORM-ში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარტივი საყოფაცხოვრებო გამოყენების გარდა, 5G-ინტერნეტი დიდ როლს ასრულებს ე.წ. “ყველაფრის ინტერნეტის” (IoT) ინდუსტრიაში, რომელიც ერთმანეთთან დამოუკიდებლად მოლაპარაკე აპლიკაციათა და მოწყობილობათა სპექტრს მოიცავს. ამ ტექნოლოგიის მარტივ მაგალითად “ჭკვიანი სახლის” ტექნოლოგია გამოდგება, როცა სხვადასხვა მოწყობილობები ერთმანეთთან ისე არის დაკავშირებული, რომ გადაჯაჭვული მოქმედებების განხორციელება მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ, ინტერნეტის გამოყენებით.

“5G-ქსელი Internet of Things-ის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, რადგან დღევანდელი ტექნოლოგიით ეს მოწყობილობები მყისიერად ვერ იმუშავებს. 5G-ინტერნეტს მომავლის ტექნოლოგიას იმიტომ უწოდებენ, რომ ყველაფერი ის, რასაც ფილმებში ვხედავთ, იქნება ეს მცირე ზომის სენსორები თუ მოწყობილობები, არათუ შორს არ არის, არამედ ისინი დღესაც გამოიყენება, როგორც ლოგისტიკის, მედიცინის, ჭკვიანი ქალაქების თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

5G-ის მინიმალური დაყოვნება და მაღალი სიჩქარე, ამ მოწყობილობებს დროულად კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია, როცა ექიმს შეუძლია დისტანციურად ჩაატაროს ოპერაცია პაციენტზე ისე, რომ მასთან ოთახში არ იმყოფება - ხომ ხვდებით, რაოდენ მინიმალური დაყოვნება უნდა ჰქონდეს ამ ტექნოლოგიას, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე”, - აღნიშნავს ვასილ ბერიშვილი TECH INFORM-ში.

კიდევ ერთი მიმართულება, რომლის შესახებაც “სელფი მობაილის” გენერალურმა დირექტორმა TECH INFORM-ში ისაუბრა - 5G-ინტერნეტის ხალხმრავალ ადგილებში მუშაობას ეხება, რადგან 4G-ინტერნეტის შემთხვევაში, როგორც ვიცით, ინტერნეტის დაჭერა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება იქ, სადაც ბევრი ადამიანი არის შეკრებილი, მაგალითად სტადიონზე ან კონცერტზე.

“ტექნოლოგიურ დონეზე, 5G-ის უპირატესობა ისაა, რომ მას კომპრესიის უკეთესი მაჩვენებელი აქვს და მილების მეტაფორას თუ გამოვიყენებთ, მეხუთე თაობის ინტერნეტს კონკრეტული დიამეტრის მქონე მილში გაცილებით მეტი მონაცემის გატარება შეუძლია, ვიდრე მე-4 და წინა თაობების ინტერნეტს. შესაბამისად იმ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება, ანუ ტრაფიკი კონცენტრირებულია, 5G-ინტერნეტს დიდი უპირატესობა აქვს”, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა TECH INFORM-ში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მაღალი სიხშირის ტალღების წყალობით, მეხუთე თაობის ინტერნეტი 4G-სთან შედარებით თითქმის 20-ჯერ უფრო სწრაფია. მეორე უპირატესობა დაბალი დაყოვნებაა, ანუ ის დრო, რომელიც ბრძანების მიღებიდან, სიგნალის გაგზავნას და თავად ამ ბრძანების აღსრულებას სჭირდება. 5G-ის წყალობით დაყოვნება 1-10 მილიწამამდე შემცირდება. 4G-ის დაყოვნება კი დაახლოებით 30 მილიწამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები