მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის თავდაცვაში ირაკლი ჩიქოვანი? - მინისტრობის კანდიდატის პასუხი

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე დეპუტატის კითხვას უპასუხა, რა შეიცვლება თავდაცვის ძალებში ირაკლი ჩიქოვანის მინისტრობის დროს.

"მე გეტყვით რა შეიცვლება. მე შევეცდები მაქსიმალურად გავითვალისწინო ყველა ის გაკვეთილი და გამოცდილება, რასაც ბატონი ჯუანშერი [ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი] და ჩვენი გუნდის წევრები გამიზიარებენ. შევეცდები, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო და კიდევ უფრო ეფექტიანად მივაღწიო იმ ამოცანებს, რომელიც აქ არის. იქნება თუ არა ეს წარმატებული შეაფასებენ ჩვენი თავდაცვის ძალები და მოქალაქეები.

მეორეს მხრივ, ცოტა პოლიტიკური პასუხი რომ გაგცეთ, ოპოზიციისთვის ამ მხრივ მგონი, არაფერი შეიცვალა. როგორც ერთი ირაკლი გადავიდა პარტიის თავმჯდომარედ და მეორე ირაკლი გადმოვიდა მთავრობის მეთაურად, ისეა წაგებული თამაში 2024 წელი ოპოზიციისთვის", - უპასუხა ჩიქოვანმა დეპუტატებს.

ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთია, რომელიც კობახიძის კაბინეტში ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრს ჩაანაცვლებს. ის, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დღეს 10 საათიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები