მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ესწრებიან ცალკეული ლიდერები ბაქოში კლიმატის სამიტს?

გაერო

11-დან 22 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიო ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ლობისტები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაეროს კლიმატის სამიტისთვის იკრიბებიან. წლევანდელ სამიტზე ქვეყნები კლიმატის დაცვისთვის საჭირო ფინანსურ ნაწილზე იმსჯელებენ - გაეროს ინფორმაციით, სამიტზე დასწრება სხვადასხვა სახელმწიფოს ასზე მეტმა წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა ბევრი ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ბაქოში ჩასვლას არ აპირებს.

ერთ-ერთი მათგანი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენია, რომლის წარმომადგენელმაც Euronews-ს დაუდასტურა, რომ ლაიენი კლიმატის სამიტს არ დაესწრება.

ევროკომისიის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ლაიენი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ემზადება, რის გამოც ის საკუთარ ინსტიტუციური მოვალეობების შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული. სამიტზე ევროკავშირს, ფონ დერ ლაიენის ნაცვლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წარმოადგენს.

კლიმატის სამიტს გამოტოვებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რაც აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის დაძაბული ურთიერთობით აიხსნება. გასულ წელს, საფრანგეთმა ალიევის მიერ ყარაბაღის რეგიონზე სამხედრო შეტევა და ტერიტორიის სომეხი მოსახლეობისგან გათავისუფლება დაგმო.

COP29-ზე დასწრებას გეგმავდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, თუმცა გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა.

სამიტს არ დაესწრება არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რაც ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ბაიდენი გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებს არ ესწრება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო COP29-ს გამოტოვებს ბრაზილიის პრეზიდენტიც, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს გაეროს კლიმატის სამიტს თავად უმასპინძლებს.

კონფერენციას არ დაესწრება არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქვეყნის დელეგაციას კი პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს.

ბაქოში საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

რას განიხილავენ და ვინ ესწრება კლიმატის კონფერენციას ბაქოში? - ყველაფერი COP29-ზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები