პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას ერთ სამუშაო კვირაზე ნაკლები დრო დასჭირდა, რადგანაც პარლამენტმა მისი განხილვა ორშაბათს დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილება ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსს ამკვიდრებს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სებ-ს პრეზიდენტი არ ჰყავს, მის ფუნქციებს პირველი ვიცეპრეზიდენტი ასრულებს.
ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება იყო და მასთან დაკავშირებით შენიშვნები თავად ეროვნულ ბანკსაც აქვს. დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს აკრიტიკებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძეც, რომელიც საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
“რატომ არის სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი პასიური, როდესაც ირღვევა სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით? ეს არ არის პირველი შემთხვევა.
როდესაც პარლამენტი იღებს ისეთ კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკიც, საჭიროა მისი მხარდაჭერა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციების დაცვა და არა მთავრობისადმი მაამებლური პოზიციის დაკავება.
გაითვალისწინეთ, რომ ამ შენიშვნას გაძლევთ არა მხოლოდ როგორც პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არამედ როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რა საფრთხეები ემუქრება ეროვნულ ბანკს.
ეროვნული ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას ის კლანური გადატრიალება, რასაც მთავრობა ახლა ამზადებს პარლამენტის ხელით,” - საკუთარ Facebook-ზე წერს რომან გოცირიძე.
თავად ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული შენიშვნების მიხედვით, ამ კანონის მიღება სავალუტო ფონდის მოქმედ პროგრამასთან მოდის წინააღმდეგობაში:
"საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, რაც ქვეყანაში განხორციელებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების დადასტურების მნიშვნელოვანი გზავნილია, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება არ შეესაბამება მასთან საქართველოს შეთანხმებას და შესაბამისად, დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ შენიშვნებში.
უფრო ვრცლად კანონის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.