მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიწვია "რუსული კანონი" გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“? - ივანიშვილი ორ "ობიექტურ მიზეზს" ასახელებს

კობახიძე

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საერთო სახალხო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რატომ გაიწვია გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა პარლამენტის წინ, საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამას ორი "ობიექტური მიზეზი" ჰქონდა.

„საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს - შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა:

1. შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, შესაბამისად ჩვენი ვალი იყო თუნდაც, მოტყუებული მოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა.

2. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არ გაწვევას შარშან შეიძლება სირთულეები შეჰქმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუა და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი NGO-ების გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს.

წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.

ასევე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩვენების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა", - თქვა მან.

"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.

რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.

26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები