მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაზარდა სებ-მა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა - მესტვირიშვილის პასუხი

64773c9b20b1d
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.23 17:30
905
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუორმაგა. სებ-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული კაპიტალი შესაძლოა დროებით ხასიათს ატარებდეს და არამდგრადი იყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსხვავებული სახით იყოს ბანკების მიერ დარეზრევებული. პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა კითხვით. გოცირიძის შეფასებით, ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გაზრდა შესაძლოა ზედმეტად მკაცრი ნაბიჯი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუკი ის არამხოლოდ მოთხოვნამდე, არამედ ვადიან დეპოზიტებსაც შეეხება.

“დღეს იყო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა და გარკვეული შიშები გამოთქვით იმის თაობაზე, რომ ეს ფული, რომელიც აქ დაილექა და არის რამდენიმე მილიარდი დოლარი, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემოსული, რომ შესაძლებელია, რომ ეს თანხა არათუ მთლიანად, ნაწილოვრივ მაინც გავიდეს ქვეყნიდან და ამან შექმნას სერიოზული რისკები საბანკო სისტემაში. ძალიან მაღალი ნორმატივი დააწესეთ რუსეთიდან ქართულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე, რაც არის 80 პროცენტი, რაც მანამდე იყო 40%. მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მაღალია, ვერ მოვასწრებ ახლა სრულად ახსნას და მერე განვმარტავთ მიზეზს. ეს ეხება ნებისმიერ დეპოზიტს თუ ვადიანობის მიხედვით იქნება დიფერენცირებული. მიმდინარე ანგარიშზე რომ იყოს ეს დარეზერვება თუ გაყინვა, ეს ერთია ხოლო ერთ, ორ ან სამწლიან დეპოზიტებზე ეს რატომ უნდა იყოს ასეთი მაღალი შეზღუდვა,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ კითხვაზე პასუხისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვულმა განაცხადა, რომ უკვე დაფიქსირდა შემთხვევა, რომ კონკრეტულმა ბანკებმა მათში ახლადგახსნილი დეპოზიტები არა ლიკვიდური, არამედ გრძელვადიანი აქტივების (გრძელვადიანი სესხების) დასაფინანსებლად მიმართეს.

“გასულ წელს ძალიან გაგვეზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით ფულის შემოდინება. დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარი იყო რუსეთის ფედერაციიდან. ეს თანხები მიიმართება სხვადასხვა წყაროში. ერთი არის ტრადიციული ფულადი გზავნილები, 2.3 მილიარდის ოდენობით, ასევე კაპიტალის გადმოდინება და დეპოზიტების მიგრაცია, მათ შორის გზავნილების არხებით. დაახლოებით 1.2 მილიარდის ფარგლებში იყო ეს თანხა. ასევე ამ წყაროთი შემოდინებულ სახსრებით კრიპტოაქტივებსაც ყიდულობდნენ. გამომდინარე მიზნობრიობიდან, ამ თანხებს. კრიპტოთი შემოდინებას და გადინებას არავითარი გავლენა არ აქვს ფაქტობრივად და თუკი ის მომავალში შემცირდება, ამას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

დეპოზიტებს რაც შეეხება, ეს არის არარეზიდენტების დეპოზიტები და მიზანშეწონილია, რომ არარეზიდენტების დეპოზიტები იყოს ქართულ საბანკო სისტემაში, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ბანკში არის ამ სახის დეპოზიტების მაღალი კონცენტრაცია, ეს უკვე ამ კონკრეტული ბანკის შემთხვევაში რისკიანია. შესაბამისად, ჩვენ არარეზიდენტების დეპოზიტებზე დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნები გვაქვს. დღეს გვქონდა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთიდან შემოდინებულ დეპოზიტებზე კიდევ გავზარდოთ ლიკვიდობის მოთხოვნა. მიზეზი ამის უკან იყო ის, რომ რუსეთიდან შემოდინებული დეპოზიტები არის კონცენტრირებული და შესაძლოა მოკლე ვადაში მოხდეს მათი გასვლა. მოკლე ვადაში, რაზეც ვსაუბრობთ, შესაძლოა ეს იყოს ერთი წელი ან ორი წელი. თუ ეს თანხები ჩაანაცვლებს გრძელვადიან ნასესხებ სახსრებს, ან გრძელვადიან სესხებში წავა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ამ თანხების გადინება, ეს საქართველოს ეკონომიკას შეუქმნის პრობლემებს. საბანკო სექტორი თავისთავად ითვალისწინებს ამ რისკებს და ლიკვიდობის ბუფერები თავად აქვთ შექმნილი, მაგრამ ამის ფორმალიზება რომ მოვახდინოთ, რადგანაც დავინახეთ რომ ცალკეულ შემთხვევებში ხდება ამ ლიკვიდობის გამოყენება გრძელვადიანი ნასესხები სახსრების ჩანაცვლების მიზნით. ამას რომ არ ჰქონდეს მასობრივი ხასიათი, ამიტომ ჩვენ შემოვიღეთ რუსეთის რეზიდენტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-ის ნაცვლად 80%-ის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ ბანკებმა ეს თანხები ლიკვიდურ აქტივებში უნდა შეინახონ, რასაც აკეთებენ კიდეც, უბრალოდ ამის ფორმალიზება მოხდება,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

2023 წლის აპრილის მდგომარეობით, უცხოური კომპანიები და ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ. აქედან 6.5 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებს შეადგენს, ხოლო 1.1 მილიარდი ლარი იურიდიული პირების დეპოზიტებია. ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი თანხა - 2.4 მილიარდი ლარი ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს აქვთ განთავსებული. 2022 წელს რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები 1.9 მილიარდი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები