მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეუმცირდა ექსპორტი "რუსთავის აზოტს"? - განმარტება

რუსთავის აზოტი

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, კომპანიას ექსპორტი წლიურად 34 000 ტონით შეუმცირდა.

როგორც მან BM.GE-სთან განმარტა, კლების ერთადერთი მიზეზი გახანგრძლივებულ გეგმურ რემონტს უკავშირდება, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე, საწარმოს გაჩერება 44 დღე მოითხოვა. მისივე თქმით, ამჟამად, საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ წელს გლობალურად აზოტოვანი სასუქების ფასი შემცირდა. ლევან ბურდილაძე იმედოვნებს, რომ ტენდენცია შეიცვლება.

„ევროკავშირი ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარია. ევროკავშირის გარდა, ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაგვაქვს, მათ შორის აფრიკის ქვეყნებშიც, ზოგჯერ ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში გაგვაქვს, ასევე აზიის ქვეყნებში. 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, შავი ზღვის გავლით ექსპორტზე 365 000 ტონა ამონიუმის ნიტრატი გავიტანეთ, ხოლო წელს, 10 თვეში 331 000 ტონა. ეს მხოლოდ და მხოლოდ გახანგრძლივებული სარემონტო სამუშაოებიდან და გეგმური გაჩერებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან სხვა რაიმე მიზეზი ექსპორტის შემცირების არ არსებობდა, როგორც 2023 წელს, ისე 2024 წელს საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს, მოთხოვნის კლება არ შეინიშნება.

წელს შეიძლება ითქვას, რომ ფასები სტაბილურად დგას, ერთ დონეზეა გაჩერებული. იმედი გვაქვს, რომ ბაზარი გამოსწორდება და ჩვენი პროდუქტის ფასი მოიმატებს“, - თქვა „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, იანვარ-ოქტომბერშირუსთავის აზოტმა“ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4 800 ტონით ნაკლები სასუქის რეალიზაცია შეძლო, რასაც ლევან ბურდილაძე იმპორტულ პროდუქტებს უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არსებითი კლება არაა და კომპანია დაბალი ფასით ახერხებს იმპორტთან კონკურენციას.

„შიდა ბაზარს რაც შეეხება, აქ გასულ წელთან შედარებით მცირედი ჩამორჩენა გვაქვს რეალიზაციაში. შარშან მაგალითად ადგილობრივ ბაზარზე 46 000 ტონა ამონიუმის ნიტრატი გავყიდეთ, წელს - 41 000 ტონაზე მეტი. ეს იმას უკავშირდება, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოვიდა გარკვეული რაოდენობის ნიტრატი და ამონიუმის ნიტრატის გარდა, სხვა ტიპის სასუქების იმპორტიც დაფიქსირდა. ამან გარკვეულწილად ჩაანაცვლა ჩვენი რეალიზაცია, თუმცა დაახლოებით 4 800 ტონით შემცირება არაა დიდი რიცხვი.

წელს 3-4-ჯერ დავწიეთ ფასი ჩვენს პროდუქტზე სეზონის დროს და ახლა რა ფასიც გვაქვს, ყველაზე დაბალია, წარმოუდგენელია ამ ფასად რომელიმე ქვეყნიდან იმპორტი უღირდეს ტრეიდერს, რადგან ამაზე დაბალ ფასს ვერ მიაღწევს. ასე რომ, ჩვენ მოქნილად ვრეაგირებთ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 82.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გავიდა, რაც წლიურად 33.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება მოცულობას, სულ 304 219 ტონა სასუქი გაიყიდა, რაც წლიურად 6%-იან კლებას წარმოადგენს. შესაბამისად, მონაცემები ექსპორტის ფასის კლებაზე მეტყველებს, რაც თავის მხრივ, გლობალურ ბაზრებზე აზოტოვანი სასუქების ფასის შემცირებით აიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები