ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მომხრეა, "რუსული კანონის“ გამო, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, დროებით, არჩევნებამდე შეუჩეროს და არ დაელოდოს არჩევნების ჩატარებას. „არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღე არ არის“, - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
საქმე ის არის, რომ „რუსული კანონის“ ამოქმედების გამო, ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებას არ გამორიცხავს.
ევროკავშირის პროგრამების შეჩერება, პერსონალური სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის დროებით გაუქმება - ეს ის სამი ზომაა, რომელიც ალექსი პეტრიაშვილის თქმით, შესაძლოა, EU-მ „რუსული კანონის“ მიღების გამო აამოქმედოს.
როგორც ცნობილია, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 27-28 ივნისს გაიმართება, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ, „რუსული კანონის“ მიღების გამო, მკაცრ დასკვნას გამოაქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც იქნება საუბარი.
"EU ჯერ თავს შეიკავებს მათრახის პოლიტიკისგან“ - როდის ველოდოთ უვიზო რეჟიმის შეჩერებას და სანქციებს?
- თქვენი აზრით, "რუსული კანონის" გამო, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი არჩევნებამდე უნდა შეუჩეროს თუ დაელოდოს არჩევნების ჩატარების პროცესს? მაგალითად, ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილი ფიქრობს, რომ „რუსული კანონის“ გამო, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების და პერსონალური სანქციების გადაწყვეტილებას ევროკავშირი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებს ანუ დააკვირდება, დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დაცვით მაინც ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები....
- სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტებსაც კი სერიოზულად სცილდება. ყველამ იცის, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე; გასაგებია, რომ როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობას უზღუდავენ და აიძულებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ დამღა ატარონ, ხოლო ვინც უარს იტყვის, შეიძლება პრობლემები შეუქმნან არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით... ასევე, „რუსული კანონით“ პრობლემებს უქმნიან მედიასაშუალებებს და შეიძლება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაჭერების სერიაც ვიხილოთ... ამ ვითარებაში, წარმოუდგენელია, არჩევნების დღეს საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნებზე პოზიტიური დასკვნა დადოს.
- ანუ სჯობს არ დაელოდოს ევროკავშირი დაუბრუნდება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროატლანტიკურ კურსს და ახლავე აამოქმედოს შესაბამისი ზომები?
- "ქართულ ოცნებას“ აღარაფერი და ვეღარაფერი არ მოაბრუნებს და მოასულიერებს.... რაც უფრო გაძლიერდება საზოგადოებაზე წნეხი და სამოქალაქო აქტივისტების ტერორი, მით უფრო „ხელჩამოურთმეველი“ გახდება ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსთვის... ამდენად, თუ მაინც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება ევროპულმა კავშირმა და გარდაუვალია, უმჯობესია, პრევენციულად იმოქმედოს და არ დაელოდოს არჩევნების ჩატარებას, რათა თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული და აცნობიერებდეს, რომ ხელისუფლების ბოროტმოქმედების გამო ისჯება და მთელი ქვეყანა ზარალდება.