მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბარია სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე, რაც გულისხმობს უარს ნატოსა და EU-ზე - გიორგი ანთაძე

გიორგი ანთაძე
03.05.24 15:58
656

"ჯეოქეისის" თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევრის გიორგი ანთაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის რიტორიკიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარია ქვეყნის სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე, რაც ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმას გულისხმობს.

გიორგი ანთაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას სოციალურ ქსელში წერს.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამჟამად ბრძოლა საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილი წევრობისთვისაა, რომლის ალტერნატივაც მოსკოვის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში დაბრუნებაა.

"მინდა ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე გარკვეული მოვლენების თანამიმდევრულობაზე გავაკეთო აქცენტი.

როგორც წესი, დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მსგავსი მოვლენების დროს ხალხის ყურადღება მიზანმიმართულად კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, რაც ერთი შეხედვით ბუნებრივად მთავარი თემაა, მაგრამ როგორ წესი, ძაღლის თავი სხვაგან არის. ანუ ვუყურებთ ინსტრუმენტს, ამ შემთხვევაში ეს არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მაგრამ სინამდვილეში ინსტრუმენტი ემსახურება უფრო დიდი მიზნების მიღწევას.

მოგეხსენებათ მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება სწორედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მაქვს გატარებული სხვადასხვა პოზიციებზე. შესაბამისად, რასაც ქვემოთ დავწერ ეს ჩემი პროფესიული დაკვირვებაა მხოლოდ, რომელიც ემყარება ჩემს გამოცდილებასა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების მუშაობის პრაქტიკასა და მათი ფუნქციონირების ისტორიასაც. ამასთან თითოეული მოვლენის შესახებ ქვემოთ მოცემული იქნება ბმულებიც.

„ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის რიტორიკიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარია სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე, რაც ჩემი აზრით, გზის ბოლოს გულისხმობს უარს ნატოსა და ევროკავშირზე და საქართველოში ე.წ. "სუვერენული დემოკრატიის" პროექტის რეალიზაციას. პრაქტიკაში ეს იქნება ახალი რეალობა, სადაც გვეყოლება ერთი მმართველი ძალა, ფეოდალი და მასზე დაქვემდებარებული ელიტები. დანარჩენი ქვეყანაში იქნება ამ სისტემის მომსახურე პერსონალი. საუბარი რაიმე სახის ევროპული დემოკრატიების თავისუფლების ხარისხზე ბუნებრივია ამდაგვარ რეალობაში წარმოუდგენელი იქნება. საბოლოო ნიშნით რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე საკვანძო გავლენის დამყარების შესაძლებლობას მიიღებს. თბილისი იყო, არის და იქნება კავკასიის გასაღები. ამ საფრთხეებზე ბექა კობახიძე მუდმივად საუბრობს.

ახლა გადავიდეთ მთავარზე.

რეალურად ჩვენ ახლა ვუყურებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ორგანიზებულ და მომზადებულ სპეცოპერაციას. ხელწერაც კი ძალიან ჰგავს უკრაინაში გამოყენებულს. სცენაზე ტიტუშკებიც გამოჩნდნენ.

მოგეხსენებათ, საქართველოში ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მუშაობას ეფუძნება. ეს სამი ლოკომოტივი არის: თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავარი მომენტი - ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახური და არა რომელიმე სხვა ინსტიტუტი. არავის წვლილს არ ვაკნინებ, უბრალოდ უმთავრესებზე ვსაუბრობ.

მერწმუნეთ, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, თუ კი სადმე იყო დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს დახმარება ეს საგარეო დაზვერვის სამსახურია. მარტივად მიხვდებით შენობის არქიტექტურის ფოტოდანაც, რომლის მშენებლობა დაგეგმარებაშიც მათი დიდი წვლილია. ეს ინსტიტუტი უკრაინის ომის დაწყების დღიდან და მანამდეც, აქტიურად იყო საერთაშორისო სადაზვერვო თანამეგობრობის საქმიანობაში ჩართული, ისე როგორც ეგების დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრ სადაზვერვო სამსახურს. საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ეს არის „ჯენტლმენთა კლუბი“ ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. ეს არის ინსტიტუტი რომელიც „ვაჭრობს“ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საქონლით - ინფორმაციით განვაგრძოთ:

აღნიშნული კანონის შინაარსზე და რისკებზე აღარ დავწერ, ბევრჯერ აიხსნა. კიდევ ერთხელ, წარმოვიდგინოთ ეს როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება სტრატეგიული კურსის ცვლილებას.
რა ნაბიჯების გადადგმა ხდება კანონპროექტის ინიცირების პარალელურად?

მიმდინარე წლის 3 აპრილს ხდება კანონპროექტის ხელახალი ინიცირება.

მეორე დღეს. პრემიერის დაპირების მიუხედავად, რომ არ იქნებოდა ცვლილებები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმახორციელებელი ორი ინსტიტუტიდან მეორე საკვანძოში, ხდება ერთადერთი საკადრო ცვლილება. (ჯანდაცვის მინისტრი აქ ცვლადი იყო, რომელიც სულ სხვა, შიდაპოლიტიკურ კონტექსტში შეიცვალა). ეს ცვლილება არის საქართველოს დაზვერვის სამსახურის, ანუ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის ცვლილება, რომელიც პირდაპირ პრემიერთან არის ანგარიშვალდებული. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენს ორგანიზაციას, ჯეოქეისს, მემორანდუმიც გვაქვს დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ და აქტიური პროექტებიც გვქონდა. უკვე წარსულში. (ამიტომ, ვიცი რაზეც ვწერ და ვსაუბრობ).

შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, წლების განმავლობაში, მოხდა მიზანმიმართული დარტყმები ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომლის ბოლო აკორდი სწორედ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის ცვლილება გახდა.

კიდევ რამ გამიმყარა ეს სურათი?

აშშ-ს საელჩოს გუშინდელმა განცხადებამ და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხმა მასზე.

უნდა ვიცოდეთ დიპლომატების მიერ ნათქვამ სიტყვებში კონტექსტისა და ქვეტექსტების ამოცნობა. სინამდვილეში, მე ასეთი განცხადება მინიშნებებით, ელჩის მხრიდან აქამდე არ მახსოვს.

ქალბატონი ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ „ახლახან საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე“. საგარეოს პასუხის მიხედვით - ... საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ივლისში ნატოს ვაშინგტონის სამიტია, საუბარი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის ახალი სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების განხილვაზე, რაც სავარაუდოდ შეიძლება ეხებოდეს ნატოს მიმართულებით ქვეყნის შემდგომ ძირეულ პროგრესს. ანუ, რაღაც ისეთის განხილვა უნდა მომხდარიყო, რაც შეუქცევად პროცესებს დაუდებდა სათავეს და ყოვლად შეუთავსებელი იქნებოდა აღნიშნული კანონპროექტი ამ კონტექსტში, ამიტომ დადგა განხილვის შეჩერების პირობა და არა იმიტომ, რომ ცალ ფეხზე იდექითო.

როგორც იცით, ასეთი გადაწყვეტილებები არ მზადდება უცებ და მალე. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია თვეებით ადრე ცნობილი გახდა რუსეთისთვისაც. ამიტომ, დაისვა კონკრეტული ამოცანა მომხდარიყო პროცესების ფორსირება და საქართველოს ნატოს მიმართულებით შემდგომი პროგრესის მორიგი საბოტაჟი.

პარტნიორების მხრიდან სულ არის განცხადებები, რომ პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, ავტომატურად აისახება ნატოს მიმართულებაზეც. ახლა არის შესაძლებლობების ფანჯარა და ეს ფანჯარა ვაშინგტონში შეიძლება გახსნილიყო. ეს ნატოს გენ. მდივანმაც დაადასტურა თბილისში ბოლო ვიზიტის დროს. "And what you do to move towards EU membership goes hand in hand with efforts to become a full NATO Ally."

პედალირება კი მიდის ევროკავშირის საკითხების, მაგრამ ჩემი გონივრული ეჭვით, გნებავთ პროფესიული გუმანით, საუბარი უნდა ეხებოდეს სწორედ ნატოს და არა ევროკავშირს. იმიტომ, რომ ნატოში შეიძლება არა პროცედურული გადაწყვეტილებების მიღება, ვგულისხმობ არაა ნატოში ევროკავშირის მსგავსი სავალდებულო ეტაპების გავლის აუცილებლობა. მიუხედავად მაპის არსებობისა, შესაძლებელია გადახტომები. ეს ვნახეთ შვედეთისა და ფინეთის მაგალითზე. ევროკავშირში ისედაც სავარაუდოდ არ მიგვიღებენ ასეთი პროცესებით ამიტომ რიტორიკა რომ 2030-ში შევალთ ბოლია, ვერ შეხვალ ასე და პირდაპირ გვეუბნებიან.

რა იქნება შემდეგ იცით?

სავარაუდოდ არჩევნების მერე გაიხსნება დისკუსია: რუსეთთან რკინიგზის გახსნაზე, საქართველოს კონფედერაციულ მოწყობაზე (აფხაზეთი), ჩინეთის ნაკადების ანაკლიაში მიზიდვაზე და ა.შ. ანუ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის რადიკალური ცვლილება. ამავე პროექტის შემზადება შესაძლოა ყოფილიყო ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მოულოდნელი გაფორმება.

ამ ყველაფრის რეალიზაციის გზაზე სწორედ საგარეო დაზვერვა იყო ბოლო ინსტიტუტი, რომლის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოქცევაც იყო აუცილებელი.

ჯარში ინსტიტუციური თავისებურების გამო, მინისტრი ვინ იქნება, რა პოლიტიკა იქნება, რადიკალურად არ არის მნიშვნელოვანი. აპოლიტიკური ინსტიტუტია, სხვა თემებზე ფოკუსირებული, დიდია მოსახლეობაში მისი მხარდაჭერა და ა.შ. თუმცა აქვე ვახსენოთ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოულოდნელი და გაუგებარი ცვლილებაც იყო გასული წლის გაზაფხულზე, თუ სწორედ მახსოვს მაისის თვეში. ასევე, წინა წლის ანალოგიური მოვლენებიდან მალევე.

ახლა კი მიდის სპეცოპერაცია საქართველოს სტრატეგიული კურსის ცვლილების უზრუნველსაყოფად, რომლის შინაარსზეც უკვე მინიშნებები 29 აპრილის მიტინგზეც იყო.

აი ეს არის, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ამიტომ არის ეს ბრძოლა საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილი წევრობისათვის, რომლის ალტერნატივა მოსკოვის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში დაბრუნებაა, რაც მცირე სახელმწიფოებისათვის, განსაკუთრებით მათი დემოკრატიული არსებობისათვის, ფუნდამენტურ საფრთხეებს შეიცავს და სხვა საუბრისა და ანალიზის თემაა.

დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს პოზიცია და ნაბიჯები, ვინაიდან დღემდე ამ პარტნიორობის შედეგებით მოვდივართ ჩვენი პროგრესის თვალსაზრისით, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ მჯერა, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის",- წერს გიორგი ანთაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები