საქაერონავიგაციის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაფრენი ბილიკი თავისუფალი იყო და მეორე წრეზე გაფრენის გადაწყვეტილება პილოტის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ საქაერონავიგაციის განცხადებაშია აღნიშნული.
„გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.
საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
Spiegel: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა