ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რამ განაპირობა მოგების, დღგ-სა და აქციზის გადასახადების 9 თვის გეგმასთან ჩამორჩენა.
საქმე ისაა, რომ 9 თვის მონაცემებით, რამდენიმე ძირითადი გადასახადის შესრულება გეგმას ჩამორჩება. კერძოდ მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა 211 მილიონი ლარია. ასევე გეგმას 101 მილიონი ლარით ჩამორჩება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) შესრულება, აქციზის გადასახადის შესრულება კი გეგმას 22 მილიონი ლარით ჩამორჩება. ასევე 6 მილიონი ლარით ჩამორჩება გეგმას იმპორტის გადასახადის შესრულებაც.
კაკაურიძის თანახმად, მოგების გადასახადის ნაწილში ჩამორჩენა ბანკების პროგნოზირებულზე ნაკლებ მოგებას უკავშირდება, დღგ-ს ნაწილში კი მინისტრის მოადგილე დანაკლისის მიზეზად იმპორტის ნაკლებ ზრდას ასახელებს.
"[მთლიანობაში საგადასახადო გეგმასთან] ჩამორჩენა არ გვაქვს ხოლმე ზოგადად, არც წელს არ გვაქვს ჩამორჩენა და დაგეგმილი მაჩვენებელი 100%-ზე მეტით არის შესრულებული, თუმცა გარკვეული სახეების მიხედვით არის განსხვავება. თითოეულ სახეს აქვს სხვადასხვა განმარტება. პირველ რიგში, მოგების გადასახადზე ვიტყვი, რომ უფრო ნაკლები ჰქონდათ ბანკებს მოგება ვიდრე პროგნოზირებული იყო, შესაბამისად საფინანსო სექტორიდან მისაღები მოგება იქნება მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე შარშან იყო. დღგ-ს ნაწილში ძირითადად იყო იმპორტის არა იმდენი ზრდა, რამდენიც დაგეგმილი იყო, იმპორტი შედარებით ნაკლებად იზრდება. ძირითადად მოხმარების ნაწილში შემცირებულია იმპორტი, ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, იწვევს დღგ-ს ნაწილში იმპორტის დღგ-ს შემცირებას, თუმცა გაზრდილია ადგილობრივი დღგ-ს ნაწილი. საბოლოო ჯამში, დიდი ჩამორჩენა ჯამურად ამ ნაწილში არ გვექნება, მაგრამ ამავდროულად ყოველდღიურად ვაკვირდებით იმას, რომ იმპორტის ნაწილშიც დღგ თუ პირველ ნახევარში გაცილებით ნაკლები იყო, მეორე ნახევარში შედარებით უფრო მაღალი ტენდენცია უჭირავს. აქციზზე რაც მოსალოდნელი იყო, პრინციპში, არის ის, რომ გასულ წელს, როდესაც აქციზის განაკვეთები გაიზარდა თამბაქოზე, მოხდა გარკვეული მარაგების ფორმირება კომპანიების მიერ, ამიტომ წლის პირველ ნახევარში იყო იმპორტი უფრო ნაკლები, თუმცა წლის მეორე ნახევარში ახლა ვხედავთ, რომ დაახლოებით ყოველთვიურად 250 მილიონ ლარზე მეტია აქციზის ნაწილი, შესაბამისად, წლის ბოლომდე აქ რაიმე დანაკლისს არ ველოდებით",- ამბობს კაკაურიძე.
9 თვეში მნიშვნელოვანი - 289 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის "სხვა გადასახადების" მუხლი, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 21 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.
გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ თავდაპირველად "სხვა გადასახადების" კატეგორიაში ხვდება ნებისმიერი გადასახადი, რომელსაც მეწარმე იხდის თვის განმავლობაში, ხოლო მომდევნო თვის 15 რიცხვში, როდესაც ხდება დეკლარირება, ეს თანხა მცირდება.
"ნებისმიერი გადასახადი, რომელსაც მეწარმე იხდის თვის განმავლობაში, მაგალითად საშემოსავლო გადასახადი, ხვდება თვის ბოლოს სხვა გადასახადების ნაწილში. სხვა გადასახადების ნაწილში, თვის ბოლოს რაც ხვდება, 15 რიცხვში როდესაც ხდება დეკლარირება, ხდება მისი თითქმის განულება. ანუ, თუ თვის ბოლოს გვაქვს გარკვეული თანხა სხვა გადასახადებში და ეს ყოველთვის ეგრე იქნება, 15 რიცხვში დეკლარირების შემდეგ ეს თანხა მცირდება დაახლოებით 80%-ით. ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს სხვა გადასახადები ჯამში 515 მილიონი ლარის და ამაზე მეტი ჯერ არ არის, თუმცა შესაძლებელია, რომ 600 მილიონს გადააჭარბოს სხვა გადასახადების ჯამურმა მაჩვენებელმა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც კი იქნება 31 დეკემბერს, პირობითად 600 მილიონი, 15 იანვარს, როგორც კი მოხდება დეკლარირება უკვე, ეს თანხა ჩამოვა დაახლოებით 100 მილიონზე. ეს არის სხვა გადასახადების ბუნება და ნუ ეს თუ შევხედავთ, ყოველ წინა წლებს, ყოველთვის იყო სხვა გადასახადები და წინა წელთან შედარებით განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს",- თქვა კაკაურიძემ.




























