მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე დაიხარჯა EU-ის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი €46 მლნ?

საქართველო

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს იმ პროექტების შესახებ, რომლებზეც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხები იხარჯება.

EU-ის წარმომადგენლობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ 2019-2024 წლებში, სამინისტროებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით, ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა 46.1 მილიონ ევროა.

2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

ამასთან, დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.

უფრო დეტალურად, ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო
  • დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო
  • ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო
  • კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო
  • ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო
  • დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო
  • გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო
  • საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო
  • იურიდილი და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო

რაც შეეხება საჯარო უწყებების დაფინანსების განაწილებას, 2019-2024 წლებში საქართველოში ევროკავშირის დახმარების მიმღებ უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:

  • 111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
  • 101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
  • 62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები
  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • 25.07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
  • 12.85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 10.5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია

(მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო)

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" გამჭვირვალობის სახელით მიღებული "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე 474 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე კვლევა ჩაატარა. მმართველი პარტიის კვლევის შედეგების თანახმად: ორგანიზაციების 51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებ-გვერდი; 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო; 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება; 97%-ს არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში; 70%-ს არ აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ.

"რუსული კანონის" მიღების და მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკის გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ქვეყანა ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. ამასთან, დაანონსდა, რომ ევროკავშირიდან საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიისკენ და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები