მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეალური რეფორმისთვის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაა საჭირო - აკაკი ცომაია

ეროვნული ბანკი

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაწყებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ეფექტური ვერ იქნება და კომპანიების რეალური გაჯანსაღებისთვის მათი პრივატიზაციაა საჭირო.

როგორც ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, სახელმწიფო კომპანიებთან მიმართებაში არაერთი რისკი რჩება, მათ შორის კორუფციის მიმართულებით. შესაბამისად, მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საწარმოების მართვაში საერთაშორისო, გამოცდილი კომპანიები ჩაერთვებიან.

„ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი უწყების მმართველობის ქვეშ უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოები. თუმცა ჩემი აზრით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სახელმწიფო მმართველობის ქვეშ ყოველთვის იქნება კორუფციის რისკები და რეალური რეფორმა ვერ განხორციელდება. თუ გვსურს ნორმალური რეფორმის განხორციელება, სასურველია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაცია მოხდეს. თუმცა არა იმ ფორმით, როგორც დღესაა, რომ 1 ლარად გადაეცემა ინვესტორებს ქონება იმ იმედით, რომ შემდეგ განხორციელდება ინვესტიციები. უნდა მოხდეს ამ საწარმოების საბაზრო შეფასება და მთავრობა უნდა ეცადოს, უცხოური, ცნობილი კომპანიების დაინტერესებას, რომ ისინი მსგავსი საწარმოების მართვაში შემოვიდნენ. ამ გზით საზოგადოებაში საწარმოების მიმართ ნდობაც გაიზრდება და შესაძლებელი იქნება, რომ კამპანიებმა კაპიტალის ბაზარზე მოიზიდონ ფულადი სახსრები. საწარმოების მართვაში საერთაშორისო კომპანიების შემოყვანით ის რისკებიც იქნება დაზღვეული როგორიცაა მაგალითად, სტრატეგიულ ობიექტებში რუსული ინტერესების გატარება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ენდრიუ ჯუველის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ის პრინციპები, რაც აღნიშნული იყო იმ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ IMF-თან კოორდინაციით ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

საუბარია იმაზე, რომ 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები