ნებისმიერი კომერციული წამოწყების წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ კომპანიის ფინანსურ რესურსებზე და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე, არამედ დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციასა და რაოდენობაზე, ანუ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. დასაქმების მაჩვენებელი, ცხადია, განსხვავებულია და ერთბაშად რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის ინდუსტრიაზე, რომელშიც კომპანია ოპერირებს და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომელსაც ის ნერგავს.
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი თანამშრომელი საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის ორ გიგანტს - Walmart-სა და Amazon-ის ჰყავს, რაც სავსებით ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ, რა რაოდენობის პროდუქტებს ყიდიან ეს კომპანიები ყოველდღიურად და შესაბამისად, რამდენი ადამიანი სჭირდებათ, საწყობებში სამუშაოდ. თუმცა საწყობების გარდა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ფიზიკური მაღაზიები, გადაზიდვები და მიტანის სერვისები, ხოლო Amazon-ი, თავისთავად, ონლაინმაღაზიის გარდა კიდევ ერთ ბიზნესსაც ფლობს, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს. საუბარია, ცხადია, Amazon Web Services-ზე, რომელიც ქლაუდ-სერვისებს მსოფლიოში ათასობით კომპანიას აწვდის.
მსოფლიოს უდიდესი დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგში არაერთ ისეთ კომპანიასაც ვხვდებით, რომელიც სხვადასხვა პროდუქტებს აწარმოებს, რაც ასევე ლოგიკური და გასაგებია, რადგან საწარმოო სიმძლავრის გაზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გამართლებული გზა, სწორედ - ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაა. ამ მხრივ გამოსარჩევია გერმანული საავტომობილო კონსორციუმი Volkswagen-ი, რომელიც მსოფლიოში 677 ათას თანამშრომელს ასაქმებს. რეიტინგში ასევე ვხვდებით ელექტრომობილების ჩინურ მწარმოებელ გიგანტ BYD-ს, რომელშიც 570 ათასი ადამიანი მუშაობს.
დასაქმებული ადამიანების დიდი რაოდენობით, ტრადიციულად, ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგული, ანუ BPO-კომპანიებიც ასაქმებენ. ეს ტენდენცია, სხვათა შორის, საქართველოშიც შეინიშნება, რომელიც ბოლო წლებში, სხვადასხვა სერვისების აუთსორსინგის ერთგვარ ჰაბად იქცა. თუმცა საქართველოსთან ერთად, ამ მიმართულებით მთავარი ქვეყნები ირლანდია და ინდოეთი არიან. პირველი - რბილი საგადასახადო პოლიტიკით, მეორე კი - ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობით. ირლანდიური BPO-ბიზნესის მაგალითად ირლანდიურ-ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Accenture-ი გამოდგება, რომელიც მსოფლიოში 732 ადამიანს ასაქმებს, ხოლო ინდური აუთსორსინგის გიგანტი - Tata Consultancy Services-ია, სადაც 615 ათასი ადამიანი მუშაობს.
მსოფლიოს უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგის 1-ელი ათეული, შემდეგნაირად გამოიყურება:
Walmart - 2.1 მილიონი
Amazon - 1.5 მილიონი
Foxconn - 826 ათასი
Accenture - 732 ათასი
Volkswagen - 677 ათასი
Tata Consultancy Services - 615 ათასი
DHL Group - 584 ათასი
BYD - 570 ათასი
FedEx - 530 ათასი
Compass Group - 500 ათასი
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.