ეროვნული ბანკის მიერ უპრეცედენტოდ დიდი რეზერვები წინასაარჩევნო პროცესში ლარის კურსის გადაზღვევისთვის გაყიდა. ასეთია ფინანსისტი ვასილ რევიშვილის მოსაზრება.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა.
" რეზერვების გაყიდვა ლარის კურსის ვოლატილობისგან თავის დაზღვევის მცდელობაა. კურსის რყევა მოსალოდნელი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. ახლა, იმ საფინიშე სწორ ხაზზე ვართ, რომლის განმავლობაშიც ლარი ყველაზე მოწყვლადია. ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ ცდილობენ, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური. ეს არის ერთადერთი განმარტება.
რამდენად გამართლებულია მოსალოდნელი სენტიმენტის გამო ლარის რეზერვების გაყიდვა, ეს მეორე საკითხია. აქ ყოველთვის თავს ვიზღვევ და ვამბობ, რომ ერთჯერადი ტრანზაქციები იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება. ეცდებიან, ლარის კურსი წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ სტაბილური იყოს, არამედ გამყარდეს. უბრალოდ, ამ რაოდენობის ლარის გაყიდვა ამ ეტაპზე არ მიმაჩნია, რადგან ვერ ვხედავ ისეთ ეკონომიკურ ფაქტორებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე", - განაცხადა რევიშვილმა.
სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს. აქამდე სებ-ის ინტერვენციის მაქსიმალური ოდენობა 60 მილიონი დოლარი იყო.