მთავარმა პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალი წარუდგინა აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია Akkord-ის დირექტორს და პროექტის მენეჯერს, ასევე გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან კუპატაშვილს და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების - IC Consuleten ZT GmbH/Nievelt Ingenieur GmbH/Spea Ingegneria Europea S.pA./Road Rehabilitation and Modernization Supervision Direction LTD წარმომადგენლებს, რომლებმაც ხიდის მდგრადობაზე ყალბი დასკვნები გასცეს.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის პირველი ლოტი 11.5-კილომეტრისგან შედგება. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. თავდაპირველი კონტრაქტით პროექტი 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კონტრაქტორმა კომპანია Altcom-მა 18.3 მილიონი ევროს ავანსის საზღაურად გზის მხოლოდ 24% ააშენა. 2017 წელს კი მასთან კონტრაქტი შეწყდა და საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ხელმეორედ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანია Akkord-მა გაიმარჯვა. 2018 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული კონტრაქტით, რომლის ღირებულებაც 89 მილიონ ლარს შეადგენდა სამუშაოები 24 თვის ვადაში, ანუ 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა კომპანიამ გზის და ხიდის მშენებლობა მიატოვა.
2021 წელს კი მთავრობამ პროექტის საბოლოო კონტრაქტორის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც ₾73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.
2023 წლის 21 თებერვალს კი მდინარე რიონზე აგებული 810-მეტრიანი ხიდი ჩაინგრა. ჩანგრეული ბურჯი სწორედ კომპანია Akkord-ის მიერ იყო აგებული. 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხიდის ჩანგრევა კომპანია Akkord-ის მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა.
2024 წლის ბოლოს ხიდის დემონტაჟის და სრული რეაბილიტაციის შესახებ სახელმწიფომ კონტრაქტი კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტს" გაუფორმა, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები 2026 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს.
როგორც დღეს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალიდან ირკვევა, Akkord-ის მიერ სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ჩაბარების ყალბ ცნობებს, რომლებიც საზედამხედველო კომპანიების მიერ რეალური ზედამხედველობის ჩატარების გარეშე იყო გაცემული, ხელს აწერდა გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე შესაძლოა ბრალი კიდევ სხვა პირებსაც წარედგინოთ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს Akkord-ის ერთადერთი პროექტი არ იყო, რომელზეც კონტრაქტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2021 წლის ოქტომბერში მთავრობამ მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25.6-კილომეტრიანი მონაკვეთის 55-მილიონიანი კონტრაქტიც გაწყვიტა. ასევე ჭიათურის წყალმომარაგებისთვის გაფორმებული $16-მილიონიანი კონტრაქტიც, რომელიც მთავრობამ 2024 წელს გაწყვიტა და საარბიტრაჟო წარმოება დაიწყო.
ხიდის ჩანგრევის საქმის სრული ბრალდება - პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია ,,Akkord’’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.
მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს.
შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ზემოხსენებულ ფაქტზე, დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით
დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის მიზნით.




























