მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რიცხვები მეტყველებს, რომ ტურისტი ჩამოდის და ხარჯავს ფულს, მაგრამ როგორი ტურისტი შემოდის?! - ჩეხერიას რჩევები

ვალერი ჩეხერია

„რიცხვები მეტყველებს, რომ ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში და ხარჯავს ფულს, მაგრამ როგორი ტურისტი შემოდის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... რა მოთხოვნები აქვთ?! რატომ არ ჩერდებიან სასტუმროში და ა.შ.“ – ასე გამოეხმაურა საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია ერთი მხრივ, 6 თვეში, ტურიზმიდან $2 მილიარდ დოლარამდე გაზრდილ შემოსავლებს და მეორე მხრივ, Galt & Taggart-ის ახალი კვლევის თანახმად, სასტუმროების მდგომარეობას.

ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 701 დოლარია - რომელი ქვეყნების მოქალაქეები ხარჯავენ უფრო მეტს?

საქმე ის არის, რომ „ტურიზმი სრულად აღდგა, თუმცა ბოლო წლებში ჭარბი მიწოდების გამო, თბილისში სასტუმროების მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს ჩამორჩება“ - ასეთია საინვესტიციო ბანკის უახლესი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება.

საქართველოში სასტუმროების ფასები, ჭარბი მიწოდების გამო, 2019 წლის ნიშნულზეა - Galt & Taggart მიზეზებზე

ვალერი ჩეხერია იზიარებს Galt & Taggart-ის შეფასებებს და ამბობს, რომ კვლევის საინტერესო მიგნებები და რეკომენდაციები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა უნდა გაანალიზოს და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ეფექტიანი სტრატეგიები უნდა დაიგეგმოს.

„კარგად უნდა გავაანალიზოთ, რატომ შეიცვალა ტურისტების ნაკადი; რა სეგმენტი ჩამოდის დღეს საქართველოში; რა უნდათ მათ ანუ რა პროდუქტებზე აქვთ მოთხოვნა და ა.შ... მაგალითად, ვხედავთ, რომ ინდოეთის ბაზრიდან აქტიურად მოდის სტუმრების ნაკადი, მაგრამ რა უნდათ?!.. ინდოეთშიც რამდენიმე სეგმენტია და ჩვენ შეგვიძლია, მოვიზიდოთ მაღალშემოსავლიანი სეგმენტი - კატეგორია, რომლებიც საზღვარგარეთ იხდის ქორწილებს, მართავს დიდ ღონისძიებებს და ა.შ. მაგრამ მათ აქ შესაბამისი პროდუქტები და სერვისიც უნდა დავახვედროთ“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მაღალგადამხდელუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის პროცესში როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვხვდებით საზღვარზე სტუმრებს და ასევე, საჭიროა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება.

„ტურისტისთვის პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვხვდებით... საზღვარი დღეს უნდა იყოს ბევრად მოწესრიგებული და [მესაზღვრეები] ბევრად კარგად უნდა ხვდებოდნენ ჩამოსულ სტუმარს; საზღვარზე სერვისზე ორიენტირებულმა ადამიანებმა უნდა იმუშაონ, რადგან ტურისტების პირველი მასპინძლები სწორედ ისინი არიან - ამას სჭირდება პოპულარიზაცია.

არანაკლებ მნიშვნელოვნია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - ტურისტულ სეზონზე, შაბათს, ბათუმში ჩასასვლელად 7-8 საათი არ უნდა გვჭირდებოდეს. ფაქტობრივად, ფრენები არ არის - რაც არის, იმას ფრენას ვერ დავარქმევ, რადგან მოთხოვნა ბევრად მაღალია. ბათუმი არის საქართველოს მეორე დიდი ქალაქი და არ შეიძლება, მას მივუდგეთ, როგორც მხოლოდ ტურისტულ ქალაქს. ბათუმს აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს ქვეყნის ბიზნესცენტრი, საკონფრენციო ცენტრი, სადაც მუდმივად უნდა იმართებოდეს კონფერენციები, ფორუმები, ჩატარდება კონცერტები... არ მეგულება მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი, რომელიც 7-8 საათს გაატარებს გზაში ბათუმში წასასვლელად ან 9 საათს - სვანეთში წასასვლელად ან თუნდაც კახეთში ჩასასვლელად 3-4 საათს დახარჯავს. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია. სერვისი გაუჯობესებაზე სამუშაო გვაქვს. ბიზნესმა და სახელმწიფომ ეს პრობლემები უნდა დაინახოს. უნდა დავინახოთ, თუ ამ პროდუქტებს არ განვავითარებთ, ძალიან რთულია მოვიზიდოთ ის გადამხდელუნარიანი ტურისტები, რომლებიც ჩვენ სასატუმროებს სჭირდება“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები