მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია - საქართველოს რკინიგზა

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი

საქართველოს რკინიგზის ცნობით, მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია. როგორც მათ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზის ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე პროექტის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. კერძოდ, მან ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური, მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი, მშენებარე ხანძარსაწინააღდმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტროცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა.

რკინიგზის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია - სახანძრო სისტემების, ვიდეო სათვალთვალო კამერების, დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის რკინიგზამ "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან" $17 მილიონის ღირებულების კონტრაქტი გასული წლის ბოლოს გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ეს გვირაბი 2017 წელს გაიჭრა, მაგრამ მისი უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყებისთვის არის აუცილებელი.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს. პროექტის სამშენებლო კონტრაქტორია ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელთანაც სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და მისი ღირებულება 249 მილიონ შვეიცარიული ფრანკია. პროექტს ტექნიკურ ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF და გერმანიის სახელმწიფო რკინიგზა (Deutsche Bahn) უწევენ.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს არსებული სარკინიგზო ხაზის ალტერნატიული - თანამედროვე სტანდარტების ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს და ტვირთბრუნვას. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 წლის შემდეგაც, ის სრულყოფილად დასრულებული არაა.

როგორც მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მოდერნიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. როგორც მან განაცხადა, ეს ყველაფერი საშუალება იძლევა, რომ საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის კიდევ უფრო გაზრდისა და კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ რკინიგზისთვის, არამედ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული რგოლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები