საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი ეროვნულ ბანკს მიმართავს და ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის, მას სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მარტივ ენაზეც შეუძლია ამაზე საუბარი და ის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს ზამთრისთვის მომზადებულ მურაბას ადარებს.
გუშინ ლარი დოლართან მიმართებით 12 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.40 ლარი გახდა, ამჟამად კომერციულ ბანკებში დოლარის საფასური უკვე 3.5 ლარია.
“უნდა ვუშველოთ ეროვნულ ბანკს, რომ გავაგებინოთ ქვეყნის მცხოვრებლებმა, რომ თავისი არ არის ეს რეზერვები. უნდა გავაგებინოთ მას.
არ დავარქვათ ამას ინტერვენციები, მარტივ ენაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეზერვი გვაქვს შენახული, მსოფლიოში ომია, უკიდურესი პრობლემებია და ეს რეზერვი ქართველმა ხალხმა უნდა მოიხმაროს და არა ვიღაცის იდეებმა.
ეს არის აბსოლუტურად ჩვენი თითოეული მოქალაქის დანაზოგი, სებ-ს ჰგონია, რეზერვი ჩემიაო და თავისი არ არის, ჩემია, თქვენია და როცა გვიჭირს უნდა "შევჭამოთ" ეს რეზერვი.
კიდევ უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ბებია რომ გვიკეთებს მურაბებს და კომპოტებს, ვჭამთ ზამთარში, როდესაც ცივა და არ მოდის ხეხილი. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ახლა, და ეს რეზერვი უნდა გამოვიყენო ჩვენ.
ბევრი რეზერვი რომ არ "შევჭამოთ" ამის კონტროლიც შეუძლია ეროვნულ ბანკს", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
აღსანიშნია, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას გუშინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც გამოეხმაურა. განცხადებაში ეწერა, რომ მნიშვნელოვანია ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, რისთვისაც სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტიურად ჩარევა სასარგებლო იქნება.
სავალუტო რეზერვების გამოყენებისკენ ეროვნულ ბანკს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძეც მოუწოდებს. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი ეროვნული ბანკი უფრო ადრე დაიწყებდა ინტერვენციების პოლიტიკას.
საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წელს ჯერ სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. 2021ში კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4,078,074,900-ს შეადგენს, რაც 2022 წლის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ($20.9 მლრდ დოლარი) 20%-ია.
იანვარში დეკემბერთან შედარებით სავალუტო რეზერვები $194 მილიონით შემცირდა, რაც სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის ფინანსური ოპერაციებით და საგარეო ვალის მომსახურებით იყო განპირობებული.




























