მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ქვეყნის სავალუტო რეზერვები გაანიავა - ნიკოლოზ შურღაია

ფინანსისტი

ფინანსისტის და ყოფილი ბანკირის ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს ანიავებს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მისი თქმით, მარეგულირებელი არ აღიარებს რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ფუნდამენტური პრობლემებით არის განპირობებული.

„რაც შეეხება ლარის კურსს დანაშაულებრივად ბევრ რეზერვს ყიდიან, ანუ არაკომპეტენტური ქცევის შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვები გაანიავეს, იძახიან რომ ფუნდამენტური პრობლემები არ გვაქვსო, რაც სიცრუეა და ამის გამო როდესაც მათი შეფასების საკითხი დადგება დღის წესრიგში მოვა ეს საკითხი, რომ მათ ვერ მართეს და გაანიავეს ქვეყნის რეზერვები“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ფინანსისტი განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკში კომპეტენციის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და ეს სიძნელეების დროს ძალიან კარგად ჩანს. შურღაია 5 ფუნდამენტურ ფაქტორს ასახელებს, რომელიც ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ჩვენ 5 ფუნდამენტური ფაქტორი გვაქვს, რომელიც ლარზე დაღმავალ ზეწოლას ახდენს. ეროვნულ ბანკს რეზერვების გარკვეული რაოდენობა აქვს და ასევე მას აქვს ფულად - საკრედიტო სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებსაც ქვეყანაში ფულის მიწოდებაზე ზეწოლის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომ არ გვაქვს ეს ხუთი პრობლემიდან ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია, ამის მიზეზია ეროვნული ბანკის არადამოუკიდებლობაა; კვალიფიკაციაზე არ საუბრობენ, მაგრამ კვალიფიკაციაც არის - ესეც მეორე ფუნდამენტური ფაქტორი, ანუ გყავს ცენტრალური ბანკის სუსტი საბჭო, როცა ქვეყანაში სერიოზული სიძნელეები გვაქვს და არ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომ ვინმე მოგეხმაროს. ეს ორი ფაქტორია, რაც ლარისთვის ცუდია.

თუ მუტანტების ბანდა ძალაუფლებას შეინარჩუნებს, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გააგრძელებს და შეეცდება საზოგადოებას შეუქმნას ილუზია, რომ ისინი კანონიერი ხელისუფლება არიან, ეს პრობლემები გაგრძელდება და ლარი იქნება საშინელ მდგომარეობაში, კოლაფსამდე მივალთ. თურქეთს გაგახსენებთ, სადაც ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა.

გარდა ამისა კიდევ სამი სხვა ფუნდამენტური ფაქტორია, ერთია კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა, მეორე არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქვეყნის 78-ე მუხლის დარღვევა, რაც არამხოლოდ კანონის სერიოზული დარღვევაა, არამედ ქვეყნის კურსიდან გადახვევაა, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეაგირება უკვე მოჰყვა. ასევე ჩვენ ქრონიკული სავაჭრო დეფიციტი გვაქვს, რომელიც ტრანსფერებით ფინანსდება, საზღვარგარეთ წასული თანამოქალაქეების შრომით... რასაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო აქ ჩამოსულებისთვის ფულის გადმორიცხვები დაემატა... რამდენიმე წლის წინ ეს ტრანსფერები 1 მლრდ იყო და ახლა 3 მლრდ-ია, ანუ რაღაც იღბალი მოუვიდა ამ ხალხს და მათ ჩათვალეს, რომ ეს დაიმსახურეს. ეს ქართველი ხალხის შრომა იყო, ჩვენს მთავრობას რაიმე ღირებული ბოლო წლებში არ გაუკეთებია, არავითარი რეფორმა მე არ მახსენდება“, - განმარტავს ნიკოლოზ შურღაია და აცხადებს, რომ სწორედ ეს ფუნდამენტური ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ცნობისთვის, სებ-მა ოქტომბერში $591 მილიონი გაყიდა. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი. ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა, მიმდინარე თვის 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც სებ-მა გამოაქვეყნა სავალუტო რეზერვების ანგარიში, რომელიც ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

პარალელურად, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $124.5 მილიონი შეისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები