მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ენერგეტიკული ბირჟის ნებაყოფლობით გახსნას სექტორი? - გიორგი აბრამიშვილის მოსაზრება

გიორგი აბრამიშვილი

იმედია, მალე მივალთ იმ დერეგულირებულ, სამართლიან ფასწარმოქმნის ბაზარზე რომლისკენაც ამდენი წელია მივილტვით - ასე შეაფასა GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარემ და & Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილმა 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის ნებაყოფლობითი დაწყება.

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ექვსჯერ გადავადდა და ის საბოლოოდ 1 ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება.

აბრამიშვილი იწონებს, რომ ბირჟაზე ვაჭრობა იქნება ნებაყოფლობითი და ამასთან, იმპორტირებულ ელექტროენერგიას მონაწილეობის უფლება არ ექნება.

" აღნიშვნის ღირსია და მნიშვნელოვანია, რომ ბირჟაზე ვაჭრობა იქნება ნებაყოფლობითი. ჩვენი წევრებიც, ჯერჯერობით დააკვირდებიან პროცესებს და ნელ-ნელა დაიწყებენ ბირჟაზე სავაჭროდ შესვლას. ასევე, არ იქნება ბირჟაზე საბალანსო და დამხმარე ბაზრები. ისინი 2025 წლიდან ამოქმედდება და ეს ჩვენთვის დანამდვილებით მნიშვნელოვანი შეღავათია, რომ საწყისი ეტაპიდანვე არ ამოქმედდება.

ზოგადად, შეეძლებათ ვაჭრობა დერეგულირებულ სადგურებს, მსხვილ მომხმარებლებს და საბითუმო მიმწოდებლებსაც. საბოლოო ჯამში, ალბათ სწორია, ასეთი გარდამავალი ეტაპებით სიარული ბირჟის საბოლოო გახსნისკენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმპორტი არ იმონაწილევებს ბირჟაზე და იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობა არ იქნება შესაძლებელი. ამ საკითხის მედალს ორი მხარე აქვს, მთავრობა შიშობს, რომ ამან ბაზარზე ფასის ზრდა არ გამოიწვიოს და ჩვენ, გვქონდა ჩვენი წუხილი, რომ დემპინგი არ მოახერხოს იმპორტმა და დესტრუქცია არ შემოიტანოს. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. შევხედოთ, ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ნიუანსი გამოიკვეთება და სამუშაო რეჟიმში ვართ კერძო სექტორი და ასოციაცია მარეგულირებელთან, რომელსაც ძირითადი უფლებები გადაბარდა. იმედია, მალე მივალთ იმ დერეგულირებულ, სამართლიან ფასწარმოქმნის ბაზარზე რომლისკენაც ამდენი წელია მივილტვით". - განაცხადა bm.ge-სთან გიორგი აბრამიშვილმა.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანების წინაშე აღებულ ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა მისი ამოქმედება ამ დრომდე ექვსჯერ გადავადდა და ის ნაწილობრივ 2025 წლამდე არის გადავადებული, რადგანაც თავდაპირველ ეტაპზე მსხვილი მომხმარებლების ბირჟაზე ჩართვა ნებაყოფლობითია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები