ეუთო/ოდირმა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რამდენიმე დარღვევაზე. მათ შორის: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.
ასევე განმარტებულია, რომ თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არჩევნების აღიარებით ან არაღიარებით არ არის დაკავებული. იგი უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება საერთო პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებს და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებს, რაც ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი არჩევნების ხარისხზე.
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს.
Bm.ge გთავაზობთ ამ დრომდე გაკეთებულ განცხადებებს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან:
ირაკლი კობახიძე, პრემიერი: „მთლიანობაში, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“.
ცესკო: „ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები“.
მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთო/ოდირის ანგარიშიც მოწმობს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი: „მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა".
მამუკა ხაზარაძე, „ძლიერი საქართველოს" ლიდერი: საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში.
გიორგი ვაშაძე, "ერთიანობის" ლიდერი: "ეუთო-ოდირმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და ის ახლიდან უნდა ჩატარდეს".
ნათია მეზვრიშვილი, „საქართველოსთვის“:„ეუთო-ოდირმაც გამოუტანა არალეგიტიმურ „ოცნებას“ განაჩენი! ოდირი ამბობს, რომ არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი“