ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, დონორმა ორგანიზაციებმა საქართველოში პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვან.
როგორც მეღვინეობა "ფაფრის ველის" დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი პროექტი ხორციელდება, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი კი ქმნის რისკს, რომ მსგავსი ორგანიზაციები საქართველოდან გავიდნენ.
შალვა ქურდაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება ქართული ბიზნესისთვის არაერთი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტრენინგების და დარგის პოპულარიზაციის ნაწილში.
„ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს კანონი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიისთვის მავნებლურია, ამაზე უკვე ბევრი ითქვა. რაც შეეხება ჩვენს დარგს, ქართული ღვინის სექტორში და ფერმერულ მეურნეობაში დასავლეთის დაფინანსებით უამრავი პროექტი ხორციელდება. ყველა მიმართულებით - როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ტრენინგების და პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
ელემენტარული მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, ჩვენი მარანი ვენახებში, სოფლიდან შორს მდებარეობს. რამდენიმე წელია ვიხვეწებით, რომ სახელმწიფომ ეს გზა გააკეთოს, თუმცა არ დაადგა საშველი, დღემდე იზოლირებულები ვართ და ამინდზე ვართ მინდობილები. ამ პრობლემის გამო შარშან ერთ-ერთ ქვეყანაში ერთი თვით გადამედო ღვინის ექსპორტი, რადგან აქ მანქანა ვერ ამოვიდა.
ახლა ერთ-ერთ დასავლურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული გზის გაკეთება დაგვიფინანსოს. თუ ამ კანონის გამო ეს ორგანიზაცია გავა საქართველოდან, მაშინ დავრჩებით ისე, როგორც აქამდე ვიყავით, გარე სამყაროს მოწყვეტილები. არ ვართ ძლიერი ქვეყანა და დამოკიდებულები ვართ დასავლეთის დახმარებაზე. ამიტომ კითხვა ისმის - რატომ კეთდება ეს“, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.
ცნობისთვის, 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.