მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორ შეიძლება არ მოვუფრთხილდეთ ეკონომიკას და იმას, რაც აქამდე ვაშენეთ, ერთი კანონის გამო“ - გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი

„როგორ შეიძლება არ მოვუფრთხილდეთ ეკონომიკას და იმას რაც აქამდე ვაშენეთ კონკრეტული ერთი კანონის გამო“ - აცხადებს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

„TV პირველთან“ საუბრისას ექსპერტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული აქციების ფასის შემცირებას და ქვეყანაში არსებული ვითარებაზე საერთაშორისო ინვესტორების განწყობებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღეს ქართული ბანკების ძლიერები არიან, თუმცა მათ მოფრთხილება სჭირდებათ. კაპიტალის ბაზრის ექსპერტის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია კანონის მესამე მოსმენით მიღებამ და ო’ბრაიენის გამოსვლამ, რომელშიც ოპტიმიზმი არ ჟღერდა.

„ეს არ არის ადაპტაცია, ეს 2 უჯანსაღესი ფინანსური ინსტიტუტია და ამ ვარდნებს არ აქვს საქმე ამ ინსტიტუციების შესახებ წარმოდგენებთან, მოღვაწეობასა და საქმიანობასთან, ეს პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ რისკთან. როცა მთელი დასავლეთი იძახის, რომ ეს [კანონი] რუსულია, წარმოვიდგინოთ ინვესტორთა ნაწილი, რომელიც თუ თვლის, რომ საქართველო ევროპულ გზას აღარ ადგას და თუ რაიმე ინდიკაცია არის, რომ ეს რუსული კანონია, ხალხი ქუჩაში დგას და იმ პერიოდში [აქციების] ფასები არ ჩამოვარდნილა, მესამე მოსმენა რომ გაიმართა და ო’ბრაიენმა განცხადება გააკეთა, ამის შემდგომ დღეს ჩამოვარდა ფასები... როგორც კი საერთაშორისო ინვესტორთა ბაზამ ეს გეზი დაინახა - იქ გამოუშვა სიგნალი და ეს ძალიან ცხადია.

ჩემთვის, როგორც სფეროს სპეციალისტისთვის ეს უმარტივესი აღსაქმელია. შეიძლება იყვნენ ინვესტორები, რომლებსაც არ უნდათ იმ ქვეყანაში თანხის ჩადება, რომელიც იქითკენ იყურება. როგორ შეიძლება არ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და იმას, რაც აქამდე ავაშენეთ კონკრეტული, ერთი კანონის გამო. არ მესმის ისიც - როგორ შეიძლება პოლიტიკა ეკონომიკისგან გამოყო და არ გესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში თუ ეკონომიკა ასე დავაზიანეთ ეს უკურეაქციას და უკუქმედებას გამოიწვევს პოლიტიკურ სიბრტყეში. ამას აბსოლუტურად ნეიტრალურად ვამბობ, როგორც სფეროში მომუშავე ადამიანი“, - აცხადებს მარინა გულედანი.

ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ეროვნული ბანკისთვის ახლა რთულია იმ განცხადების გაკეთება, რომ ცუდად ვართ, თუმცა ის მიიჩნევს, რომ იმის მტკიცებაც აბსურდულია, რომ მდგომარეობა კარგად სავალუტო რეზერვების არსებობის გამო შეაფასო.

„კი ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი გამოვა და იტყვის - რა კარგად ვართ, ჯერ ერთი როდესაც ამბობ, რომ კარგად ვარ, რადგან რეზერვი მაქვს - ეს უკვე პრობლემაა. რეზერვი რომ ამოგეწურება მერე აღარ იქნები კარგად. ეს იმთავითვე აბსურდული განცხადებაა, როდესაც თავის მართლების რეჟიმში გამოდიხარ და იძახი, რომ გავუძლებთ. რატომ და ვის ხარჯზე უნდა გავუძლოთ.

არამხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ეკონომიკებიც, ზოგადად, საკრედიტო ეკონომიკებია. კომერციულ ბანკებში რა ფულიც ტრიალებს, ის ნამდვილი ფული არ არის, ის კრედიტია. ეკონომიკაში ცოტა უფრო გადამეტებული რისკი თუ შეიქმნება, არც მინდა იმის წარმოდგენა რა მოხდება. 2008 წელს გაგახსენებთ საიდან შემოდიოდა ქეშის სახით ფული საქართველოში... რა თქმა, უნდა ეროვნულ ბანკს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ცუდად არის, რადგან იმ ტოტს მოიჭრის, რომელზედაც ზის. მაჩვენეთ ერთი ბანკი, რომელიც არაევროპულ და არასაერთაშორისო არხზე ზის სასესხო თუ წილობრივი დაფინანსების“, - განმატავს გულედანი და დასძენს, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე საუბარი საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, მაშინ როდესაც დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ დასავლეთიდან მოდის შეუძლებელია.

„როგორ შეიძლება საქართველოს სუვერენიტეტზე ვსაუბრობდეთ და არ გვესმოდეს, რომ მოკავშირეები გვჭირდება. როგორ შეიძლება ჩვენნაირი პატარა ეკონომიკა, რომელიც საერთაშორისო ბაზრიდან ინიექციებზეა მიბმული, იძახდეს იმას, რომ რაღაცას [სუვერენიტეტს] იცავს და არავინ სჭირდება, ჩემთვის გაუგებარია. არავინ არაფერი კარგი არ გაგვიკეთა? მე ვისწავლე ამერიკაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, 30 წელია საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევ და აბსოლუტურად ყველა პროექტი დაფინანსებულია ან აშშ-ის, ან KfW-ს, ან EBRD-ის მიერ... ანუ დასავლური ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, ანუ აგენტი ვარ და დავაშავე რამე, რასაც ახლა ვლაპარაკობ ცუდია? ასეა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვინც წავიდა და დასავლეთში ისწავლა. მე აფხაზეთიდან ვარ, გამოგდებული, სახლდაკარგული, დაბომბილი... რანაირად შეიძლება ვიღაცამ დამაბრალოს აგენტობა, იმიტომ რომ ჩემი მომსახურება არც ისე იაფია, რადგან ძალიან ბევრი ვისწავლე 30 წლის განმავლობაში და ჩვენს ხელისუფლებას იმ თანხის გადახდა არ შეუძლია, იმ ექსპერტიზაში, რომელიც გამაჩნია და რომელსაც გრანტებით და დონორებით უზრუნველყოფილ პროექტებში ვუბრუნებ. შემიძლია ხვალ წავიდე და სხვაგან ვიმუშაო... რატომ იძახიან შავზე, რომ თეთრია, არ დასრულდა ტყუილების დრო?“, - ამბობს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი.

ის, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი თვლის, რომ არ შეიძლება დასავლეთში ნასწავლ და ქვეყნისთვის მომუშავე ადამიანებს აგენტებად მიიჩნევდნენ.

„მინდა, ჩემს ქვეყანაში ჩემი საქმე ვაკეთო, რომელსაც ძალიან კარგად ვაკეთებ. სხვა სათამაშო მოედანზე გადასვლის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ მე და ჩემნაირმა ადამიანებმა არჩიეს რომ პროფესიული საქმიანობით დაკავებულიყვნენ, საჯარო სექტორში ის ადგილები სადაც კომპეტენციაა საჭირო, კომპეტენტურ ადამიანებს არ უკავიათ. მინიმუმ თუ პარლამენტში ან ხელისუფლებაში სხედან საქართველოს მოქალაქეები, მათ ფინანსური ბაზრის მინიმუმი უნდა ესმოდეთ, იმიტომ რომ პოლიტიკა არ მართავს ქვეყანას, ეკონომიკური პროცესები აუცილებლად მოახდენენ ზედა - პოლიტიკური პროცესების დიქტირებას“, - განმარტავს გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები