მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა უკრაინაში ომმა რუსული ნავთობის მყიდველთა გეოგრაფია?

რუსული ნავთობი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთმა არაერთი შეზღუდვა შემოიღო, მათ შორის რუსულ ნავთობთან დაკავშირებით. პარალელურად კი ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი, გააღრმავეს სავაჭრო კავშირები და რუსული ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაზარდეს.

Visual Capitalist-ის ანალიზის თანახმად, რომელშიც Hinrich Foundation-ის მიერ მომზადებული ვიზუალიზაციაა გამოყენებული, აშშ-მა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა დააწესეს სრული აკრძალვა და თუ 2021 წელს იმპორტი დღეში 600 000 ბარელი იყო, 2022 წლის ბოლოს იმპორტი საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა. 2021 წელს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე მთლიანი რუსული ნავთობის ექსპორტის 8.1% მოდიოდა.

რაც შეეხება ევროკავშირს, რომელიც უფრო მეტად იყო დამოკიდებული რუსული ნავთობის იმპორტზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მაჩვენებელი დღეში 3.3 მილიონი ბარელი იყო, რაც 80%-ზე მეტად შემცირდა და 2023 წლის ბოლოს 600 000 ბარელამდე ჩამოვიდა. თუ 2021 წელს ევროკავშირის წილი 44.6% იყო, 2023 წელს რუსული ნავთობის ექსპორტში ევროკავშირზე 8.2% მოდიოდა.

OECD აზია-წყნარ ოკეანეში, რომელიც მოიცავს იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, ასევე სრულად შეწყდა რუსული ნავთობის იმპორტი. Hinrich Foundation-ის მიერ მომზადებული ვიზუალიზაცია აჩვენებს, რომ 2021 წელს აღნიშნულ ქვეყნებზე ჯამურად, რუსული ნავთობის ექსპორტის 6.8% მოდიოდა.

საპირისპიროდ, უმსხვილესი იმპორტიორი გახდა ჩინეთი, რომლის წილი 2023 წელს 31.5%-მდე გაიზარდა, 2021 წელს არსებული 21.6%-დან. იმპორტის ყველაზე მკვეთრი ზრდა კი ინდოეთმა აჩვენა - მისი წილი 26%-მდეა გაზრდილი, მაშინ, როდესაც 2021 წელს მხოლოდ 1.4% იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები რუსულ ნავთობს ფასდაკლებით იღებენ.

რაც შეეხება თურქეთს, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 2.7% მოდიოდა, 2023 წელს მაჩვენებელი უკვე 9.6% იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ნავთობის ფასზე დაწესებულ ზღვარსა და სხვა შეზღუდვებზე გვერდის ავლას მაინც ახერხებს. ამის თავიდან ასარიდებლად, ევროკავშირმა სანქციების მე-14 პაკეტში გაითვალისწინა ზომები და მათ შორის, სანქციები რუსეთის .. ჩრდილოვან ფლოტზე დააწესა. საუბარია ტანკერებზე, რომლებიც ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, მაგრამ რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებაა. ამასთან, სანქციების მე-14 პაკეტში პირველად მოხვდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირი (LNG).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები